DRG სისტემაში იანვრიდან პაციენტების თანაგადახდის შესაძლებლობა გაჩნდება (bm.ge)

2025 წლის იანვრიდან მთავრობა DRG სისტემაში პაციენტის თანაგდახდის შესაძლებლობას დაუშვებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ პაციენტის თანაგადახდის შესაძლებლობა კლინიკების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან DRG -ის ფარგლებში დადგენილი ტარიფები, კლინიკების თქმით, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური სერვისების მიმართულებით, საკმაოდ დაბალი იყო და სექტორს განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდა.
„უკვე მომავალი თვის დასაწყისიდან რამდენიმე მიმართულებით თანაგადახდის შესაძლებლობა გაჩნდება. ვფიქრობთ, რომ სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ, რომ ერთის მხრივ გავაჩინოთ ეს შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კარგად დავაზღვიოთ ის შესაძლო რისკები, რომელიც ამ თანაგადახდის მექანიზმის ამოქმედებიდან გამომდინარე შეიძლება ჩნდებოდეს. საუბარია იმაზე, რომ არ გვინდა ეს მექანიზმები და ინსტრუმენტები თუნდაც ვინმეს მიერ, თუნდაც ერთეულ შემთხვევებში გამოყენებულ იქნეს პაციენტზე წნეხის სახით“,-აცხადებს მინისტრი, თუმცა არ აკონკრეტებს რა ტიპის სამედიცინო მომსახურების დროს ექნებათ პაციენტებს თანხის დამატების და უკეთესი სერვისი მიღების შესაძლებლობა.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ პაციენტებს თანაგადახდის შესაძლებლობა ისეთ დამხმარე საშუალებებზე ექნებათ, როგორიცაა მაგალითად ე.წ პროთეზი.
„სავარაუდოდ ეს უფრო გავრცელდება დამხმარე საშუალებებზე, როგორიც არის ე.წ პროთეზები, თვალის ბროლი და ასეთი ტიპის სახარჯი მასალა. შესაძლოა გავრცელდეს აყვანილი ექიმის შემთხვევაზე. ეს პაციენტის უფლებების ნაწილია უფრო მეტად. არჩევანის უფლება როცა აქვს პაციენტს, რა თქმა უნდა უკეთესია და როდესაც არ იყო დაშვებული თანაგადახდა მათ უწევდათ სრულად იმ კონკრეტულ შემთხვევაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უარი ეთქვათ და გაცილებით მაღალი იყო ის თანხა გადასახდელი, ვიდრე თანაგადახდის პირობებში იქნებოდა. შესაბამისად პოზიტიური იქნება ეს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის“,-აცხადებს მაია მახარაშვილი.