DRG-ის არსებული ტარიფი ექიმს უბიძგებს პაციენტი საზღვარგარეთ გააგზავნოს – ონკოქირურგი ილია გოცაძე

1 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების DRG სისტემაზე გადავიდნენ. შედეგად, ზოგიერთი სამედიცინო სერვისის ღირებულება გაიზარდა, მაგრამ არის სამედიცინო ჩარევები, რა შემთხვევაშიც ექიმების თქმით, სახელმწიფოს დაფინანსება სერვისის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს.
პარლამენტში მიმდინარე კვირაში, ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ონკოქირურგებმა საკმაოდ ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა.
„ყველაზე მეტად ის საკითხი მაწუხებს, რომ ხვალ ჩემს დარგში არ ჩაიდება არანაირი ინვესტიცია, არ მიყიდიან ახალ ლაპაროსკოპიულ დანადგარს, რობოტული ოპერაციები, რისთვისაც ჩვენი პაციენტები მიდიან თურქეთში და სხვა ქვეყნებში, არ დაინერგება საქართველოში იმიტომ, რომ რობოტს არავინ იყიდის, რადგან წაგებიანია.
ხომ შეიძლება 1 წლის განმავლობაში ყველაფერი დავთვალოთ და საშუალო DRG გამოვიყვანოთ. მაგალითად ილიას უჯდება 15, ლექსოს 20, სხვას 10 და იყოს 12, მაგრამ იყოს ადეკვატური და შესაბამისი იმის, რომ ჩემი საშუალოდ რთული ოპერაციებით დავაბალანსო“, – განაცხადა ონკოქირურგმა ილია გოცაძემ.