“DRG თავიდანვე სწორად არ იყო დაგეგმილი, დროულად უნდა მოხდეს გადახედვა” – ილია გოცაძე

ონკოქირურგ ილია გოცაძის შეფასებით, DRG როგორც დაფინანსების მექანიზმი საქართველოში არსებული ხარვეზების გამო რეალურ მიზანს ვერ ემსახურება და ჰოსპიტალურ სექტორს ყოველდღიურობაში არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. ამის შესახებ მან “საქმის კურსს” განუცხადა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა.
ბოლო თვეების განმავლობაში რიგი ნოზოლოგიების მიმართულებით დაფინანსება შეიცვალა, ამოქმედდა თანაგადახდის მექანიზმიც, თუმცა მექანიზმი დღესაც ვერ უზრუნველყოფს კლინიკებისთვის სამართლიან ტარიფებს, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ განვითარებაში დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ და ქირურგიული ჩარევები წაგებიანი არ იყოს.
ონკოქირურგი საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ პროცესი კიდევ უფრო პრობლემური მაშინ ხდება თუ პაციენტს ოპერაციის შემდეგ გართულება აქვს.
“ერთი კვირის წინ ჩემთან მოვიდა პაციენტი, ვისაც სჭირდება ოპერაცია კუჭზე, ონკოლოგიური დაავადება აქვს, წავიდა ერთ-ერთ ქვეყანაში და მას უთხრეს, რომ ოპერაცია 54000 დოლარი დაჯდება. ჩვენთან ეს ოპერაცია, საყოველთაო დაზღვევით, 5500 ლარი ღირს. მგონი არ შეიძლება, ერთი და იგივე სერვისი, ერთ ქვეყანაში 2000 დოლარი ღირდეს და მეორეში – $54 000.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სახელმწიფო კლინიკები ამ ეტაპზე არ არსებობს. საუნივერსიტეტო კლინიკების პრინციპით მომუშავე კლინიკები, როგორიც ევროპაშია და რომლებშიც DRG მოქმედებს, ასეთი კლინიკები არ არის. ასევე ჩვენთან არ არის ცენტრალიზებული ცენტრები. მაგალითად, ონკოლოგიაში ერთი ონკოლოგიური ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია გაიდლაინების დაწერაზე, სადაც მიდის ყველაზე რთული პაციენტი.
მთავარია, რომ ნებისმიერმა რეფორმამ მოგვიტანოს წინსვლა. სამწუხაროდ, DRG ჩემს დარგში და არა მარტო, თავიდანვე სწორად არ იყო დაგეგმილი. ჩემი აზრით, ამის გადახედვა დროზე უნდა განხორციელდეს.
ჩვენთან ყველა სამედიცინო დაწესებულება კერძოა. კერძო რას ნიშნავს? ანუ კერძო ნიშნავს იმას, რომ ეს არის აგებული მოგებაზე და მოგებაში არაფერი ცუდი არ არის. უბრალოდ, მე ავტომატურად ვხდები ადამიანი, ვინც პოტენციურად კლინიკისთვის შესაძლოა ფინანსურად წაგებიანი იყოს. ეს ტერმინი, მე მგონი, საერთოდ არ უნდა იყოს ახლოს სთან და ადამიანის გადარჩენასთან. წაგებიანი იმიტომ, რომ კუჭის სიმსივნეების დროს თანამედროვე სტანდარტების ოპერაცია არ შეიძლება 5500 ლარი ღირდეს, იმიტომ, რომ ობიექტურად 5000 ლარი შეიძლება მარტო საოპერაციოში დავხარჯო. პაციენტისთვის ფულის არ შეიძლება დამატება. შესაბამისად, 10-დან ცხრა ოპერაცია კლინიკისთვის წაგებიანი იქნება. გეკითხებით, იქნება თუ არა კლინიკა მოტივირებული ამ რთული ოპერაციების განვითარებაზე? რა თქმა უნდა, არა”, – ამბობს ონკოქირურგი ილია გოცაძე.
ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა. ბოლო კორექტირებების შედეგად, სამინისტრომ პაციენტის თანაგადახდის მექანიზმი დაუშვა მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო მომსახურების დროს, პაციენტს შეუძლია ვიპ პალატის მომსახურებაზე და მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანხები საკუთარი ჯიბიდან დაამატოს. ცვლილებებს სექტორი ითხოვდა კომბინირებულ ოპერაციებთან მიმართებითაც, თუმცა ამ დრომდე ამ კუთხით ნაბიჯები არ გადადგმულა.