DFG-მ პირველი ინვესტიცია აბასთუმანში, “რედიქს ჯგუფის” სასტუმროში ჩადო

რეფორმირებულმა საპარტნიორო ფონდმა, რომელიც საქმიანობას „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელით აგრძელებს, პირველი ინვესტიცია ტურიზმის სფეროში განახორციელა.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს განვითარების ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს განვითარების ფონდმა“ (DFG) პირველი ინვესტიცია აბასთუმანში, „რედიქს ჯგუფის“ სასტუმრო „აღობილში“ ჩადო.
„აღობილის“ ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია. სასტუმრო „აღობილი“ ოპერირებას Doubletree by Hilton-ის ბრენდით დაიწყებს, რომელიც ფრანჩაიზით შემოდის. კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების სამ პროექტს ახორციელებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კურორტ აბასთუმანში კომპანია „რედიქსის“ პროექტების დასრულება სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების თარიღზეა დამოკიდებული.
„საინვესტიციო სეზონი იანვრის პირველივე კვირაში გავხსენით. ტრანშის ზომა, დააახლოებით, 3 მილიონი დოლარია“, – განაცხადა დიმიტრი ხორავამ.
DFG-ის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს განვითარების ფონდი საინვესტიციო სტრატეგიის გაწერილ სფეროებში 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
რა სახის საინვესტიციო პროექტებს დააფინანსებს “საქართველოს განვითარების ფონდი”- სტრატეგია ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ