გერმანიის საუკეთესო ჩოგბურთელი, ალექსანდრე ზვერევი მაისში სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ქალზე ფიზიკურ ძალადობაში და მას ჩხუბის დროს ფიზიკური დაზიანების მიყენებაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ზვერევის ადვოკატთა ინფორმაციით, დაშავებული ჩოგბურთელის 26 წლის ყოფილი გერლფრენდია. როგორც ბერლინის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პრესმდივანმა ლიზა იანიმ განაცხადა, ზვერევის გამოცხადება სასამართლოში ამ ეტაპზე სავალდებულო არ არის, მაგრამ მოსამართლემ შეიძლება მას ჩვენების მიცემა მოსთხოვოს. ზვერევს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა, იანის თქმით, რეალური პატიმრობის მისჯა ნაკლებად სავარაუდოა.
2023 წლის ოქტომბერში სასამართლომ ზვერევს ამავე სარჩელით სასამართლო განხილვის გარეშე 450 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ჩოგბურთელმა ეს განაჩენი გაასაჩივრა და მიზეზად უდანაშაულობის პრეზუმფცია დაასახელა. ამიტომ ახლა ამ საქმის საჯარო განხილვაა ჩანიშნული. ზვერევის ადვოკატებმა პროცესს სკანდალური უწოდეს და სამართლიანი გადაწყვეტილების არარსებობას ხაზი გაუსვეს. ზვერევმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „ნონსენსი“ უწოდა.
ალექსანდრე ზვერევი 1997 წელს ჰამბურგში, რუსი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ალექსანდრე ზვერევი-უფროსი ასევე ჩოგბურთელი იყო და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობდა. ალექსანდრეს უფროსი ძმა – მიხეილი, ასევე პროფესიონალი ჩოგბურთელია და ისიც გერმანიის სახელით ასპარეზობს. ალექსანდრეს მწვრთნელები არიან მამამისი და წარსულში ცნობილი ჩეხი ჩოგბურთელი, „დიდი მუზარადის“ ტურნირის არაერთგზის გამარჯვებული ივან ლენდლი.