ფრანგული საერთაშორისო რადიოს, RFI-ის ცნობით, ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს ფრანგული კომპანია Decathlon-ის მიერ რუსეთში საქონლის ექსპორტის სქემა.
სასპორტო საქონლის მწარმოებელმა კომპანია Decathlon-მა 2022 წელს რუსული ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავისი პროდუქციით რუსეთში ვაჭრობა შეწყვიტა. მოგვიანებით კომპანიამ რუსეთში თავისი მაღაზიების ქსელი ადგილობრივ კომპანიას მიჰყიდა და ქვეყნიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ამ ფონზე, მედიის ცნობით, ფრანგულმა სავაჭრო გიგანტმა გაუმჭვირვალე სქემა შექმნა რუსეთში თავისი პროდუქციის რეალიზაციისთვის, ნათქვამია RFI-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
გამოცემა, მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს რომ გამოავლინეს არხი, რომლის საშუალებითაც რუსულ ბაზარზე კვლავ შედის ფრანგული კომპანია Quechua, Wedze და Kalenji-ის ბანგლადეშში წარმოებული სასპორტო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სქემაში ჩართული არიან Decathlon-ის წარმომადგენლები, ასევე სინგაპურსა და დუბაიში არსებული კომპანიის ფილიალები.
გამოცემა Disclose ირწმუნება, რომ ფრანგულმა კომპანიამ ნოემბრის დასაწყისში წამოიწყო რუსეთში საქონლის „საიდუმლო ექსპორტი“. ჟურნალისტების თანახმად,სქემიდან მიღებული შემოსავალი მინიმუმ 12 მილიონ დოლარს უტოლდება.
ისინი ეყრდნობიან საცალო ვაჭრობის შიდა დოკუმენტებს, ფრანგული კომპანიის ყოფილი თანამშრომლების მონათხრობსა და ღია წყაროებში არსებულ მონაცემებს, მათ შორის ვიდეოკადრებს, რომლებიც ადასტურებს Decathlon-ის პროდუქციის რუსულ ბაზარზე არსებობას.
RFI სააგენტო FrancePresse-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ Decathlon-ის სასპორტო ქსელი ფრანგული კომპანიების ჯგუფს Mulliez-ს ეკუთვნის. მულიეს ბიზნესიმპერიის ოჯახის წარმომადგენლები საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის არიან. კომპანია Mulliez ჯგუფი აკონტროლებს Auchan და Leroy Merlin საცალო ქსელებს. Auchan-ის მაღაზიები რუსეთში რჩევა, უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად. მსოფლიო სადისტრიბუციო ქსელის შემოსავლების ათი პროცენტი რუსეთის ბაზარზე მოდის.
Decathlon-მა 2022 წლის მარტში გამოაცხადა რუსეთში თავისი ქსელის დახურვის შესახებ, შეწყდა ონლაინ ვაჭრობაც.
2023 წლის იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Decathlon-ი რუსეთში არსებული აქტივების მყიდველს ეძებდა. რუსეთში Decathlon-ის ბიზნესის ახალი მფლობელია სამოსის რეალიზატორი და ესპანური კომპანია Mango-ს ფრანშიზის მფლობელი კომპანია ARM.
ფრანგული კომპანიის მიერ გაყიდული სასპორტო მაღაზიები რუსეთში 2023 წლის ნოემბერში ხელახლა გაიხსნა Desport-ის სახელწოდებით სადაც Decathlon-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო.
Decathlon-ს „არ აქვს მაღაზიები და არ ჰყავს თანამშრომლები რუსეთის ფედერაციაში, არც ფლობს წილებს ამ ტერიტორიაზე მოქმედ კომპანიებში“, – განუცხადა კომპანიის მენეჯმენტმა სააგენტო AFP-ს, გამოცემა Disclose-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების კომენტირებისას. Decathlon-ი „ასევე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს მესამე მხარის მიერ ევროპაში შეძენილი პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში გადაყიდვა, – ნათქვამია ფრანგული სასპორტო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის განცხადებაში.