Danwatch-მა და Spiegel-მა რუსეთის საიდუმლო ბირთვული ობიექტების დეტალური გეგმები მოიპოვეს

დანიური გამოცემა Danwatch-ისა და გერმანული Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა რუსული საიდუმლო ბირთვული ობიექტების დეტალური გეგმები მოიპოვეს.

გამოცემების ცნობით, საჯარო მონაცემების ბაზიდან მოპოვებული მასალა 2 მილიონზე მეტ დოკუმენტს აერთიანებს. გასაიდუმლოებული მონაცემები საჯაროდ ქვეყნდებოდა ს სატენდერო დოკუმენტაციებში.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთში ბირთვული იარაღი 11 ობიექტში ინახებოდა, მათი უმრავლესობა კი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გაფართოვდა და მოდერნიზაცია განიცადა.

ასევე, დოკუმენტები მოიცავს ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნიში მდებარე სტრატეგიული სარაკეტო ძალების ბაზების დეტალურ გეგმებს. ეს ორი ბაზა აღჭურვილია Avangard-ის ტიპის ჰიპერბგერითი მართვადი ბირთვული სისტემებით, რაც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ბირთვული შეიარაღების გადამტანი სისტემაა.

მონაცემების მიხედვით, ბაზები გარედან აღჭურვილია მონიტორინგის კომპლექსური სისტემებით, დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა თანამედროვე სისტემებით. გარე პერიმეტრის გასწვრივ დამონტაჟებულია დამცავი ელექტრონული ღობეები, სეისმური აქტივობისა და რადიოაქტიურობის სენსორები, რკინაბეტონის კედლები, დაჯავშნილი კარები და ფანჯრები, ასევე მაგნიტური კონტაქტებითა და ინფრაწითელი სენსორებით აღჭურვილი სიგნალიზაციის სისტემები.

გარდა ამისა, გამოცემები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ დაანგრიეს რუსეთში მდებარე არაერთი ბირთვული ობიექტი და ხელახლა ააშენეს განახლებული ინფრასტრუქტურით, მათ შორისაა, ასობით ახალი ყაზარმა, საკონტროლო ცენტრი, სადარაჯო კოშკი და მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ობიექტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

დოკუმენტები ასევე მოიცავს ელექტროგადამცემი ქსელების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, განგაშის კონფიგურაციებისა და სენსორების განლაგების გეგმებს, ასევე დაჯავშნილი ნაგებობებს, რომლებიც გარე საფრთხეებისგან თავდაცვის ფუნქცია აქვს. ამასთან, ასახულია სამხედროებისთვის განკუთვნილი სივრცეებიც, მათი საძინებლები, დასასვენებელი ოთახები, მათ შორის, მათი სავარჯიშო აღჭურვილობა და სამაგიდო თამაშებიც კი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

წყარო