ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად მომზადებული გეგმა ყირიმის ანექსიის აღიარებისა და ნატოს წევრობაზე კიევის უარის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების სრულად მოხსნასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროთა თანახმად, 7-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ზავს, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, ნატოში გაწევრებაზე უკრაინის უარს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე-იურედ აღიარებას აშშ-ის მხრიდან, ფრონტის ხაზის გაყინვას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის კონტროლს, უკრაინისა და აშშ-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ამერიკა-რუსეთის ახალ ეკონომიკურ კავშირებს შეერთებული შტატების სანქციების სრულად გაუქმებით.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ გეგმა არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების არანაირ მკაფიო გარანტიებს. Daily Telegraph-ის და სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, აშშ გეგმის განხილვას ლონდონში დღევანდელ შეხვედრაზე აპირებს.
მას შემდეგ, რაც 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები კით კელოგი და სტივ უიტკოფი პარიზში შეხვდნენ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს, Bloomberg-ი და CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ამერიკელებმა პარიზში წარმოადგინეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას.
გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინამ აშშ-ის ამ და სხვა წინადადებებს, მათ შორის ნატოს წევრობაზე უარს, პასუხი უნდა გასცეს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში შეხვედრა დღეს, 23 აპრილს უნდა გაიმართოს. თავდაპირველი ცნობებით, შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. 22 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუბიო ლონდონში არ გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ეს იმით ახსნა, რომ მარკო რუბიოს აქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, თავდაპირველი გეგმები ყოველთვის პირობითია და იცვლება ხოლმე.
პარიზში შეხვედრების შემდეგ, 18 აპრილს მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს სურს სწრაფად გაარკვიოს, რამდენად რეალურია უახლოეს ხანში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებენ და თუ არა – აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.
ლონდონში, უკრაინის და ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს არც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ამერიკულ მხარეს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი ხელმძღვანელობს.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროთა ინფორმაციით, უკრაინას ლონდონში დღევანდელ შეხვედრაზე სურს საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტის საკითხის განხილვა და არა – ტრამპის სამშვიდობო გეგმის პროექტის, რომელიც ყირიმის რუსეთის ნაწილად გამოცხადების გარდა, ითვალისწინებს რუსეთის კონტროლის არაოფიციალურად აღიარებას უკრაინის თითქმის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გასულ კვირაში პარიზში წარუდგინა, აღწერილია, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო წინადადება.
20 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში შეძლებენ.
ორი დღით ადრე, 18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება” და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს”, აშშ განზე გადგება.
კიევში 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპაციის აღიარებას არ აპირებენ. ზელენსკის თქმით, „ძალიან არ სურთ“ პროცესიდან აშშ-ის გასვლა, რადგან ეს კარგი სიგნალი არ იქნება.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.
ფორუმი
