CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულ სატელეფონო კვლევის შედეგების თანახმად, თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა 51% პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
ამავე კვლევის თანახმად, ასეთ შემთხვევაში 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო მეტად მიიჩნევენ პასუხისმგებლად „ქართულ ოცნებას“/ივანიშვილს, ვიდრე უფროსი ასაკის მოქალაქეები. ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქში მცხოვრებნი მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აკისრებენ, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებნი.
კერძოდ, კითხვაზე, თუკი საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა, ეს, პირველ რიგში ვისი პასუხისმგებლობა იქნება, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.
„ქართული ოცნების“/ივანიშვილის – 51%;
ევროკავშირის-13%;
ოპოზიციის – 5%;
რუსეთის-1%;
ამერიკის-1%;
„დიფ სთეითის“-0%;
არასამთავრობო ორგანიზაციების – 0%;
სხვა-3%;
არ ვიცი -24%;
უარი პასუხზე – 2%.
ამასთან, CRRC – საქართველოს ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა და ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებში (18-34) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 86%, უფროს ასაკობრივ ჯგუფებში მხარდაჭერის მაჩვენებლები მცირედით იკლებს, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებას მაინც დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს: 35-54 წლის კატეგორიაში 76%, ხოლო 55+ ასაკობრივ ჯგუფში – 71%. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სქესის მიხედვით განსხვავება პრაქტიკულად არ ფიქსირდება, თუმცა, დედაქალაქის მოსახლეობაში მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.
კერძოდ, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
სრულად უჭერთ მხარს – 58%;
უფრო უჭერთ მხარს, ვიდრე არ უჭერთ – 20%;
უფრო არ უჭერთ მხარს, ვიდრე უჭერთ – 6%;
საერთოდ არ უჭერთ მხარს – 7%;
არ ვიცი – 7%;
უარი პასუხზე – 2%.
ამასთან, ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.




