Crosty, ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობით, ფეხსაცმლის შემდეგ, აქსესუარებსა და ტანსაცმელს გამოუშვებს

Crosty, ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობით, ფეხსაცმლის შემდეგ აქსესუარებსა და ტანსაცმელს გამოუშვებს, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას Crosty-ის დამფუძნებელმა შოთა მიქაიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ნაკრებისთვის შექმნილი Crosty-ის სნიქერსების ლიმიტირებული სერია 11 ივნისიდან ჩაეშვა გაყიდვაში და 900 ლარი ღირს.
შოთა მიქაია გვიყვება, რომ Crosty-ის ახალ სპორტული ფეხსაცმელზე მუშაობა, უშუალოდ ეროვნული ნაკრების ინიციატივით, 1-1.5 თვის წინ დაიწყეს და მათი სნიქერსები საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფეხსაცმელი გახდა ევროპის ჩემპიონატზე.
„ეროვნული ნაკრების ინიციატივით, დაახლოებით 1 თვის, თვენახევრის წინ დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტზე. კოლექცია ჩვენი ნაკრებისთვის შეიქმნა და, შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო ამ პროექტზე მუშაობა იმიტომ, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ისტორიული დებიუტია ევროპაზე.
ეროვნული ნაკრებთან თანამშრომლობით, ფეხსაცმლის დიზაინში ავსახეთ ნაკრების სიმბოლიკა და ბრენდის მახასიათებლები. სპორტულ ფეხსაცმელს სპეციალური შეფუთვა და ბრენდირება აქვს ყუთზე და, რაც მთავარია, ეს კოლექცია, რომელი გაყიდვაში 11 ივნისიდან ჩაეშვა, ძალიან ლიმიტირებულია და მხოლოდ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიყიდება“, – ამბობს Crosty-ის დამფუძნებელი.
სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ნაკრების ფეხბურთელები Crosty-ის სპორტულ ფეხსაცმელში არიან. შოთა მიქაია გვიხსნის, რომ იყო არა ნაკრების შეკვეთა, არამედ კოლაბორაცია, რის შემდეგაც კომპანიამ ეროვნულ ნაკრებს ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.
„კოლაბორაცია დავარქვათ, შეკვეთა არ არის. ჩვენი მხრიდან მხარი დავუჭირეთ, შევქმენით ეს მოდელი და შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს ვაჩუქეთ. კოლაბორაციის შინაარსი არის ასეთი, რომ ჩვენ მერე ჩვენს მომხმარებელს ექსკლუზიურად შევთავაზებთ ამ მოდელს“, – აცხადებს Crosty-ის დამფუძნებელი.
მისი თქმით, Crosty-ის თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთჯერადი არ ყოფილა და სამომავლოდ აქსესუარებისა და ტანსაცმლის შექმნასაც გეგმავენ.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობა ერთჯერადი ხასიათის არ იქნება. ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ კოლაბორაცია. გვაქვს შეთანხმება, რომ ამ კოლაბორაციის შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ აქსესუარებზე და სხვა ტიპის პროდუქციის შექმნაზე. ფეხსაცმელი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. შემდგომ უკვე, ნაკრებთან თანამშრომლობით, შევქმნით სხვადასხვა ტიპის აქსესუარებსა და ტანსაცმელს“, – აცხადებს შოთა მიქაია.