საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ეხმაურება 19 ნოემბრის, თბილისში აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტებზე ძალადობას.
CPJ ამბობს, რომ ადგილობრივმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა დააფიქსირეს პოლიციის მხრიდან თავდასხმა ან ხელის შეშლა ჟურნალისტებისთვის.
„პოლიციის მიერ ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავება და სხვა ჟურნალისტებისთვის ძალისმიერი ხელის შეშლა მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან საჯარო მოვლენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს პოლიციის ძალადობის ყველა შემთხვევა პრესის წევრების მიმართ და უზრუნველყონ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა“, — განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.
ორგანიზაციის განცხადებაში ჩამოთვლილია ჟურნალისტებზე ძალადობისა და გაშუქებაში ხელის შეშლის შემდეგი ფაქტები:
· 5-მა ან 6-მა პოლიციელმა პროოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს ჩაავლეს, კისერში მოუჭირეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს;
· სამმა პოლიციელმა რამდენჯერმე ჰკრა ხელი „პუბლიკის” რეპორტიორ მინდია გაბაძეს მაშინ, როცა ის აქციის დაშლას იღებდა;
· პოლიციელებმა მცირე დროით ტელეფონი ჩამოართვეს OC Media-ს მთავარ რედაქტორ მარიამ ნიკურაძეს, რამაც მას ხელი შეუშალა მუშაობაში;
· პოლიციელებმა ხელი ჰკრეს „ნეტგაზეთის“ რეპორტიორ გივი ავალიანს, რათა ხელი შეეშალათ გადაღებაში.




