ComCom: საქართველოში 100 მბ/წმ ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.
კვლევის მხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
“ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა”, – წერია დასკვნაში.
მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად როგორიცაა
· 5 გბ. და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია,
· 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი.
მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ:
· 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია
· 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია.
რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის:
· 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი
· 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია
· 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე
ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია – ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია.