ComCom-მა „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რადიოები გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა. 2025 წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო.
ამავე პერიოდში, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული. „ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, ფორმულა მულტიმედიას“ მიერ „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის – „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა. ამავე კანონის დარღვევისთვის, კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.