გამოფენა, სახელწოდებით Colors of Tbilisi (თბილისის ფერები) განთავსებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ერთ-ერთ შენობაში — Center for Government and International Studies North Knafel Building, Fischer Commons Gallery. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გაფერადებული, გაცოცხლებული ძველი თბილისის ფოტოები. წარმოდგენილი ფოტოების ორგინალები ინახება თბილისის, პარიზის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის და ლონდონის არქივებში.
აღნიშნული გამოფენა 2024 წლის ნოემბერში გაიხსნა და ის, 2025 წლის ივნისში დაიხურება. სწორედ ამ გამოფენით დაინტერესდა News.ge და რამდენიმე კითხვით ჰარვარდში საქართველოს შემსწავლელი პროგრამის დირექტორს, ნათია ჭანკვეტაძეს მიმართა.
ქალბატონო ნათია, გამოფენა მალე დაიხურება. საინტერესოა ჰყავს თუ არა დამთვალიერებელი Colors of Tbilisi და როგორია მათი შთაბეჭდილებები?
ნათია ჭანკვეტაძე: საქართველოს შემსწავლელი პროგრამა 2022 წლიდან ფუნქციონირებს დეივისის ცენტრში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კვლევითი პროგრამა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ მუშაობს. თბილისის ფოტო გამოფენა სწორედ საქართველოს შემსწავლელი პროგრამის გავლით აღმოჩნდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. ჯერ კიდევ 2023 წლის შემოდგომას დაუკავშირდა პროგრამის მაშინდელ დირექტორ სტივენ ჯონს ქეთი პაიჭაძე, თბილისში არტ გალერიის დამფუძნებელი და კურატორი გამოფენის ორგანიზების იდეით.
რაც შეეხება თქვენს კითხვას დიახ, საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს გამოფენას. როგორც აღვნიშნე, გამოფენა განთავსებულია ჰარვარდის ერთ-ერთ შენობაში — Center for Government and International Studies North Knafel Building, Fischer Commons Gallery.
ამ სივრცეში თავს იყრიან სტუდენტები, პროფესორები, აქვეა ჰარვარდის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა (Fung Library), სადაც ჩინეთის იაპონიის, რუსეთისა და ევრაზიის რეგიონის შესახებ მასალები ინახება, მათ შორის იშვიათი კოლექციები. ლოკაციიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი, ვინც შენობაში შედის თავისთავად ხედავს გამოფენას. ამ შენობაში ასევე ტარდება ლექციები, არის კაფე, სამუშაო სივრცე და ოფისები.
ვინ არის გამოფენის “თბილისის ფერები“-ს იდეის ავტორი და ორგანიზატორი? ვისი იდეა იყო უნიკალური ფოტოების ფერებში გაცოცხლება?
ნათია ჭანკვეტაძე: გამოფენის იდეის ავტორია ნიკოლოზ თბილელი, მასვე ეკუთვნის უნიკალური ფოტოების ფერებში გაცოცხლების გადაწყვეტილებაც. ფოტოებზე აღბეჭდილია თბილისის მე-19 და მე-20 საუკუნის სურათები. ფოტოები ქალაქის ისტორიას ყვებიან. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველი სტუმრები ჰარვარდში გამოფენას ნახულობენ და ეძებენ თავიანთ სახლებს ფოტოებზე. ამავე გამოფენის ნაწილია 1918-1921 წლის საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომის ფოტო, სადაც 7 ქალი ჩანს ფოტოზე.
ეს ისტორიები მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. ისინი, ისმენენ და ხედავენ თბილისის და საქართველოს ისტორიას, გამოცდილებას. ეს ფოტო-კოლექცია არაჩვეულებრივი საშუალებაა უცხო ადამიანებს გავაცნოთ თბილისის ისტორია და მისი თანამედროვეობით დავაინტერესოთ.
ქალბატონო ნათია, კიდევ რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?
ნათია ჭანკვეტაძე: წელს, ჰარვარდის ხელოვნების ფესტივალმა ორივე გამოფენა მონიშნა რუკაზე: https://calendar.college.harvard.edu/harvardartsfestival/calendar , https://calendar.college.harvard.edu/event/colors-of-tbilisi ,
http://calendar.college.harvard.edu/event/rooted-in-culture ფესტივალის ფარგლებში კიდევ მეტმა ადამიანმა ნახა ორივე გამოფენა, მათ შორის ის ხალხმა ვინც ჰარვარდში არ სწავლობს და არ მუშაობს.
ქეთი პაიჭაძემ გაუკეთა კურატორობა მეორე გამოფენას “rooted in culture.” ერთწლიანი ადვოკატირებისა და დაგეგმვის შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში მოვახერხეთ Rooted in Culture გამოფენის განთავსება ჰარვარდის იმ შენობაში სადაც დეივისის ცენტრი მდებარეობს. კერძოდ, Center for Government and International Studies South, Concourse Level. თბილისის შესახებ გამოფენა ცოტა მოგვიანებით, 2024 წლის ნოემბრის თვეში განვათავსეთ, ჰარვარდის მეორე შენობაში, რომელზეც ზემოთ უკვე მოგიყევით.
ქართველი მხატვრების გამოფენის შესახებ გვესაუბრება Art Cross Foundation-ის დამფუძნებელი, გამოფენის კურატორი ქეთი პაიჭაძე.
ქეთი პაიჭაძე: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ორივე გამოფენა არის ერთი პროექტის “Rooted in Culture”-ის ნაწილი.
“თბილისის ფერების” ფოტოგამოფენა შექმნა ნიკოლოზ თბილელმა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აღადგინა და გააფერადა ფოტოები. მცირე ზომის ნეგატივებიდან ორ მეტრამდე ფოტოები გამოიყვანა. ამ გამოფენას წინ უძღვოდა სამწლიანი კვლევითი სამუშაო და სხვადასხვა არქივებში ფოტო მასალების მოძიება და ანალიზი. ამ პროექტის სახელი თავდაპირველად იყო Mashin Learning for Culture, ხოლო ამ პროექტის წიგნის Colors of Tfilisi გამოშვების შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ ჰარვარდში ფოტო-გამოფენა იგივე სახელით წარმოგვედგინა.
პროექტი Rooted in Culture შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ფონდების Georgia Nation Harmony (ნიუ-იორკში დაფუძნებული ფონდის) და Art Cross Foundation (რომელიც თბილისშია დაფუძნებული) მიზნის განხორციელებაში, რაც გულისხმობს ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მის პოპულარიზაციასა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი პლატფორმებიდან გაშუქებას.
ამერიკულ საზოგადოებაში არის ინფორმაციული ვაკუუმი ქართული კულტურის, კერძოდ ვიზუალური ხელოვნების შესახებ. რისი ნათელი მაგალითი არის დანაკლისი რომელიც ამერიკის წამყვან მუზეუმებში (MoMA, Met, LACMA, Smithsonian, Phillips, Hirshhorn, Guggenheim, etc.) ამჟამად არ არის წარმოდგენილი ქართული ვიზუალური ხელოვნების თანამედროვე თუ კლასიკური ნამუშევრები. ჩვენი მიზანია ვიზუალური ხელოვნების წარმოჩენა მნიშვნელოვანი პლატფორმებიდან, როგორიც არის ჰარვარდი.
ქალბატონო ქეთი, გამოფენების შესახებ კიდევ რა ინფორმაციას მიაწოდებთ მკითხველს?
ქეთი პაიჭაძე: Rooted in Culture-ის პროექტის მზადება დაიწყო 2022 წელს. ამ პროექტის საზეიმო გახსნა შედგა ძველ თბილისში არტ გალერი ლაინში. წარმოდგენილი იყო ცნობილი მხატვრების ნამუშევრები და ასევე ფოტო გამოფენა. თბილისში საზეიმო გახსნის შემდგომ, ორ კვირაში, იმავე ნახატებისა და ფოტო კოლექციის გამოფენა შედგა ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ამერიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
ვაშინგტონის შემდეგ კოლექცია გამოიფინა ჰემტონის ხელოვნების ფორუმზე და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში, სადაც ერთი წელი დარჩა.
Rooted in Culture გამოფენა ჰარვარდში საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და დეივისის ცენტრის მხარდაჭერით დაიგეგმა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს პროგრამის არსებობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ ცნობადობის გაზრდაში. ნათია ჭანკვეტაძემ, როგორც პროგრამის დირექტორმა უდიდესი ძალისხმევა და მხარდაჭერა გაგვიწია. საქართველოს პროგრამისა და დეივის ცენტრის თანამშრომლების ჩართულობითა და მხარდაჭერით მოხერხდა ამ გამოფენების წარმატებით განთავსება ჰარვარდში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰარვარდში გამოფენას ინტენსიური, ერთწლიანი საორგანიზაციო სამუშაო უძღოდა წინ.
Rooted in Culture პროექტის კურატორი მე ვარ. პროექტის ორგანიზატორები, ჩემს გარდა, არიან ნიკოლოზ თბილელი და ასევე პროექტის თანაავტორი მიხეილ თბილელი. ჩვენ, ერთად გადავწყვიტეთ ამ ორი გამოფენის ერთდროულად განთავსება რათა უკეთ გვეჩვენებინა დამთვალიერებლისთვის ქართული ვიზუალური ხელოვნება, კულტურა და მდიდარი ისტორია.
როგორი შეფასება ჰქონდა, როგორ მიიღო დამთვალიერებელმა აღნიშნული გამოფენები?
ქეთი პაიჭაძე: დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პროექტს კემბრიჯის საზოგადოების, სტუდენტების, სამეცნიერო აკადემიისა და ხელოვნების ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შევძელით ღირსეულად წარგვედგინა ქართული კულტურა ამერიკაში.
რას გეგმავთ მომავალში, რა პროექტებზე მუშაობთ?
ქეთი პაიჭაძე: საქართველოს შემსწავლელ პროგრამასთან ერთად, პროფესორ სტივენ ჯონსისა და ნათია ჭანკვეტაძის ჩართულობით ვცდილობთ ჰარვარდსა და მის მიღმა ხელოვნების მკვლევრები დავაინტერესოთ ქართული ხელოვნების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შექმნით.
გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ხელოვნების წამყვან ინსტიტუტებთან ამერიკაში, როგორიცაა MoMA-ს ნიუ იორკში და სხვა ადგილები, ქართული ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესების გასაზრდელად.
ასევე, გიზიარებთ ჩვენი ფონდის და პროექტის ბმულს სადაც სხვადასხვა ფოტო ვიდეო მასალას იხილავთ.
https://georgianationharmony.org/portfolio/colors-of-tbilis-at-harvard/
სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე