Coldplay-ის პირველი როკ-ტურნეს შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

ბრიტანული როკბენდი Coldplay თავისი მუსიკალური ტურნეთი – Music of the Spheres – რეკორდების მოხსნას აგრძელებს. ბენდმა ყველაზე მაღალშემოსავლიანი როკ-ტურნეს ტიტული ჯერ ელტონ ჯონს ჩამოართვა, შემდეგ კი, ისტორიაში პირველი როკჯგუფი გახდა, რომლის გასტროლების შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამისად, Music of the Spheres მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი ტურნეა, ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის შემდეგ.
Billboard-ის ინფორმაციით, მხოლოდ ივლისში გამართულ 11 კონცერტში Coldplay-მ 575 ათასი ბილეთი გაყიდა და $72.2 მილიონის შემოსავალი მიიღო, რითაც Boxscore-ის რეიტინგის სათავეში მოექცა და $1-მილიარდიან ნიშნულსაც გადააჭარბა.
ჯგუფმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 2022 წლიდან დაიწყო და 25 აგვისტოს ჩათვლით, 9.3 მილიონი ბილეთი გაყიდა. ტურნე წელს, ოქტომბერში დასრულდება. იმის გათვალისწინებით, რომ ტურის ფარგლებში ბენდმა 15 კონცერტი უნდა ჩაატაროს და თითოეულზე, საშუალოდ, 50 ათასი ბილეთი იყიდება, Billboard-ის პროგნოზით, Music of the Spheres-ზე გაყიდული ბილეთების რაოდენობა 10 მილიონს გადააჭარბებს.
Coldplay-ის ახალი ალბომი, Moon Music 4 ოქტომბერს გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ტურნეს დასრულების შემდეგ ჯგუფმა, შესაძლოა, კონცერტების ახალი სერიაც დაიწყოს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ