CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა – გაერო
გასულ წელს ნახშირორჟანგის (CO2) საშუალო კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში მილიონზე 3,5 ნაწილაკით გაიზარდა (3,5 ppm). ინფორმაცია გაეროსთან არსებული მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ ბიულეტენში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა გაზომვების დაწყების (1957 წ.) შემდეგ არ დაფიქსირებულა.
შედარებისთვის: 2011-2020 წლებში საშუალო წლიური ზრდა მილიონზე 2,4 ნაწილაკი იყო.
ნაწილაკები მილიონზე (ppm) სტანდარტული ერთეულია, რომლითაც ატმოსფეროში აირების კონცენტრაციას ზომავენ. ის გვიჩვენებს, მოცემული აირის რამდენი მოლეკულა მოდის ჰაერის შემადგენლობაში შემავალი სხვა აირების ერთ მილიონ მოლეკულაზე.
„სისტემა ინგრევა. მისი ქცევა იცვლება. ჩვენ ვეღარ ვიწინასწარმეტყველებთ, განმეორდება თუ არა ეს ზრდა წელს. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით“, – განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა ოქსანა ტარასოვამ.
ორგანიზაციაში დასძინეს, რომ რეკორდულ დონეს მიაღწია ასევე მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციამაც. ეს მეორე და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირებია, რომლებიც ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
imedinews.ge
