CNN ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, ორი დღით გახანგრძლივდეს – მედიის ცნობით, ამ დროისთვის, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა – ის კატარის შუამავლობით შედგა. ისრაელი და აშშ მიიჩნევენ, რომ ჰამასს მძევლად 50-ზე მეტი ქალი და ბავშვი ჰყავს.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჰამასმა 58 მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელმა ტერორისტულ დაჯგუფებას 117 პალესტინელი პატიმარი გადასცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰამასმა მძევლად, დაახლოებით, 240 ადამიანი აიყვანა, თუმცა დიპლომატიური წყაროები CNN-ს ეუბნებიან, რომ 40-ზე მეტი ადამიანი, შესაძლოა, სხვა ჯგუფებს ჰყავდეთ დატყვევებული.
ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული შეთანხმება კი გულისხმობს ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებას, ამიტომ უცნობია, შეთანხმების გახანგრძლივების შემთხვევაში, მოხერხდება თუ არა დამატებითი მძევლების პოვნა.