აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს – 182, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის, ლუიზიანას, მონტანას, იუტას, მისისიპის, აიდაჰოსა და კანზასის შტატებში. კამალა ჰარისი კი – კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში, ილინოისში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკში, კოლორადოში, კალიფორნიაში, ვირჯინიაში, ჰავაიში და ვაშინგტონის შტატში.
ამასთან, CNN-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ე.წ. მერყევ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში.
რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში „რესპუბლიკელებს“ 49 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 40, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 172 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს” კი – 142.