CNBC-ის ეთერში გადაცემა „60 წუთი“ ქართულ ღვინოს მიეძღვნა

გუშინ ამერიკული ტელევიზია CNBC-ის ეთერში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეგადაცემაში „60 წუთი“ ვრცელი სიუჟეტი გავიდა ქართულ ღვინოზე.
გადაცემის წამყვანის, შერინ ალფონსის თქმით, თუ თქვენს სტუმრებს ჰკითხავთ, რომელმა ქვეყანამ გამოიგონა ღვინო, შესაძლოა პირველი საფრანგეთი, იტალია ან საბერძნეთი გაგახსენდეთ, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა ამბობს, რომ ღვინის სამშობლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – საქართველოა, რადგან მეცნიერთა მტკიცებით, საქართველოში თიხის ჭურჭელზე 8000 წლით დათარიღებული ღვინის ნარჩენებია აღმოჩენილი.
სიუჟეტის ავტორი მაყურებელს საქართველოში ამოგზაურებს და ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებსა და მეღვინეებს აცნობს. ავტორი მოგზაურობას თბილისიდან იწყებს, შემდეგ მიდის კახეთში, ხვდება მეღვინეებს და ამბობს, რომ ქართველი ბერები მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ინარჩუნებენ, ხოლო მკვლევრები ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენაზე მუშაობენ. სიუჟეტში იმასაც ამბობენ, რომ გალობა, სახელად „შენ ხარ ვენახი“ 900 წლის წინ ბერად აღკვეცილმა ყოფილმა მეფემ დაწერა, რათა პატივი მიეგო ქართული ღვინისა და რელიგიის კავშირისთვის.
სიუჟეტის მეორე ნაწილში, ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყანა დასავლეთ ვირჯინიის ზომისაა, მაგრამ 40-ზე მეტ სახეობის ღვინოს გვთავაზობს, რომელთაგან თითოეულს საუკუნეების წინანდელი ენის გასატეხი ვაზის სახელი აქვს.
„60 წუთში“ ისიც ითქვა, რომ ქართული ღვინო პოპულარობას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იძენს. მაგალითისთვის -ში ექსპორტირებული ქართული ღვინის სტატისტიკა მოჰყავთ, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 30%-იანი ზრდა იყო და თითქმის მილიონ ნახევარი ბოთლი გაიგზავნა შეერთებულ შტატებში.
სიუჟეტი სრულად ნახეთ აქ.