“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა. ეს ინფორმაცია ცენტრმა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა.
ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს.
მათი კვლევის თანახმად, ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, უკანონოდ აკავებდნენ, უკრძალავდნენ გადაღებას, არ უშვებდნენ საჯარო დაწესებულებების შენობებში, აჯარიმებდნენ და ა.შ.
კვლევის შედეგებში ასევე დეტალურადაა აღწერილი თითოეული სახის დარღვევის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:
პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;
პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, – წერია “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” ინფორმაციაში.
