ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმის ოფიციალურად გამოცხადებული შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და სხვა ოფიციალური პირების კომენტარების შემდეგ მოჰყვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორ ჯონ რეტკლიფის განცხადებაც, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას „სერიოზული ზიანი“ მიადგა.
CIA-ს საიტზე 25 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რეტკლიფი აღნიშნავს, რომ სანდო სადაზვერვო მონაცემების ერთობლიობა მიუთითებს, რომ მიზანმიმართული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვულ პროგრამას სერიოზული ზიანი მიადგა, ირანის რამდენიმე ძირითადი ბირთვული ობიექტი დანგრეულია და მათ აღდგენას წლები დასჭირდება.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანახმად, გრძელდება საიმედო წყაროებიდან დამატებითი მონაცემების მიღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზედამხედველო ორგანოების სრულად ინფორმირება. რეტკლიფის განცხადებით, საკითხის ეროვნული მნიშვნელობის გამო და გამჭვირვალობისთვის CIA შესაძლებლობების ფარგლებში საზოგადოებასაც მიაწვის განახლებულ ინფორმაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის ღამით იერიში მიიტანეს ირანის ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები და ბირთვული პროგრამა განადგურებულია.
24 ივნისს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია.
ამ ცნობებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფეიკი“ უწოდა. მან 24 ივნისს ჟუნალისტებს განუცხადა, რომ ირანში სამივე ბირთვულ ობიექტს „იდეალურად“ დაარტყეს და გაანადგურეს.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის ავიადარტყმებს წინ უძღოდა ისრაელის არმიის მიერ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ 13 ივნისიდან დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
ფორუმი
