CBS: ჰამასი უარყოფს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებში მთავარ მოთხოვნაზე უკან დაიხია

გამოცემა CBS-ის ინფორმაციით, ჰამასმა უარყო ცნობები, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებში თავიანთი საკვანძო მოთხოვნაზე უარი თქვეს. ამის შესახებ გამოცემა ჰამასის უფროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ჰამასის წარმომადგენლის თქმით, თავიანთ მთავარ მოთხოვნაზე, რომ ისრაელმა ომის სრულად დასრულების პირობა დადოს, უკან არ დაუხევიათ.
მანამდე, გამოცემა AP ჰამასისა და ეგვიპტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის -ს გეგმას დათანხმდა და თავისი მთავარი მოთხოვნა, რომ ისრაელმა ომი სრულად დაასრულოს, უკუაგდო. თუმცა, როგორც გამოცემა ხაზს უსვამს, ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გარიგება გარანტირებული ჯერ არ არის.
როგორც გამოცემა ორ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, ჰამასმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “სიტყვიერი გარანტიები” მიიღო, რომ პირველი ფაზის შემდეგ ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტაზე იმუშავებდა, თუმცა ახლა სჭირდებოდათ, რომ ეს გარანტიები “ფურცელზე” ეხილათ.
ჰამასის ორმა მაღალჩინოსანმა AP-სთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-ს ფაზებად დაყოფილი საზავო შეთავაზება პირველ ეტაპზე ექვსი კვირის განმავლობაში სრულ ცეცხლის შეწყვეტასა და პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ ჰამასის მიერ მძევლების ნაწილის, მათ შორის მოხუცების, ავადმყოფებისა და ქალების, გათავისუფლებას ითვალისწინებს. მათი თქმით, ამ 42 დღის განმავლობაში მხარეები მეორე ფაზის პირობებზე შეთანხმდებოდნენ, ისრაელის ძალები ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს დატოვებდა და გადაადგილებულ მოსახლეობას ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნების საშუალებას მისცემდა.
მეორე ფაზაზე ჰამასი დამატებით პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ კაც მოქალაქე და ჯარისკაც მძევლებს გაათავისუფლებდა, ხოლო მესამე ფაზა ღაზის გრძელვადიან მოწყობასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, მათ შორის მრავალწლიან რეკონსტრუქციის პროექტზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს და ჰამასს შორის ზავის პროექტი 31 მაისს წარადგინა.