უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა, – ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე“ შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.
„უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ასევე, გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა.
„მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმედია რუსებისგან პასუხს მალე მივიღებთ“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.




