ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ ევროპაში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობით ამერიკულ Tesla-ს პირველად გაუსწრო, იტყობინება Bloomberg. ცვლილებას უკვე აღიარებენ, როგორც გარდამტეხ მომენტს ევროპული ავტომობილების ბაზრისთვის.
ავტომობილების ანალიტიკური პლატფორმის, Jato Dynamics-ის მონაცემებით, BYD-მ აპრილში ევროპაში 7,231 ახალი ელექტრომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ შედეგმა BYD-ს საშუალება მისცა, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვების მხრივ ტოპ 10 ბრენდს შორის შესულიყო.
Tesla-ს გაყიდვები აპრილში 49%-ით შემცირდა.
თუ ჰიბრიდულ ელექტრომობილებსაც გავითვალისწინებთ, BYD-ის უპირატესობა Tesla-სთან შედარებით კიდევ უფრო დიდი იქნება – ჩინური კომპანიის საერთო გაყიდვები 359%-ით გაიზარდა.
ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერი კვლავ Volkswagen-ია, გაყიდვების 61%-ით გაზრდით. ჩეხურმა ბრენდმა Škoda-მ გაყიდვები სამჯერ გაზარდა და აპრილში BMW-ს შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
გასულ თვეში ევროპაში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი Skoda Elroq იყო, რომლის გაყიდვებიც თითქმის 8000 ერთეულით დასრულდა.
