ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი ნინო ენუქიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისთვის დიდი პატივია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილე იყოს.
ენუქიძის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მას შეუქმნა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი რეგიონი, ემუშავა ახალი პარტნიორობების მოძიებაზე და ჩართულიყო მნიშვნელოვან დიალოგებში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების აქტიურ ჩართულობას ემსახურება.
ამასთან, ნინო ენუქიძე აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ის სიტყვით გამოვა ორ სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს BTU-ში განხორციელებულ საქმიანობაზე და გააზიარებს ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალებისა და ახალგაზრდების შთამაგონებელ ისტორიებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილე.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მომცა შეუფასებელი შესაძლებლობა, წარვადგინო ჩემი რეგიონი, გამოვიკვლიო ახალი პარტნიორობები და ჩავერთო კრიტიკულ დიალოგებში, რომლებიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას.
ღრმად მადლიერი ვარ „ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა“ (Young Global Leaders) საზოგადოების და მისი ფანტასტიკური ხელმძღვანელობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, ასევე Mastercard-ის ინკლუზიური ზრდის ცენტრის (Mastercard Center for Inclusive Growth), რადგან დავოსში ჩემი მონაწილეობა სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
ასევე მოხარული ვარ, რომ დავოსში სიტყვით გამოვალ ორ სესიაზე, სადაც ხაზს გავუსვამ BTU-ში (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) ჩვენს მუშაობას და გავაზიარებ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალებისა და ახალგაზრდების შთამაგონებელ ისტორიებს”, – წერს ენუქიძე.
bm.ge ეცდება გაარკვიოს, კიდევ ვინ წარადგენს საქართველოს დავოსში კერძო სექტორიდან, იმ ფონზე, რომ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მისი კაბინეტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრებიან. BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ. უკვე მეორე წელია, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო ოცწლეულში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, რომელიც დავოსში შეხვედრას ყოველწლიურად მართავს, 19-23 იანვარს 130 ქვეყნიდან 3 000 მონაწილის მისაღებად ემზადება, რომელთა შორის მსოფლიოს წამყვანი კომპანიების 850 აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი უხელმძღვანელებს, რომელიც პეკინის მთავარი სავაჭრო წარმომადგენელია.
მაღალი რანგის სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, ასევე ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები – Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი და Microsoft-ის CEO სატია ნადელა.




