ჯგუფმა BTS ახალი ალბომის სახელწოდება ოფიციალურად გაამხილა – Arirang („არირანი“).
„არირანი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორეული ხალხური სიმღერაა, რომელიც 600-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა და დაახლოებით 3600 ვარიაცია აქვს. 2012 წელს UNESCO-მ „არირანი“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სახელწოდებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ჯგუფის კორეულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს. ცნობილია, რომ ალბომი 14 ტრეკისგან შედგება, რელიზი კი 20 მარტს არის დაგეგმილი. წინასწარი შეკვეთები უკვე გახსნილია როგორც ჯგუფის ოფიციალურ რესურსებზე, ისე სტრიმინგ პლატფორმებზე Spotify და Apple Music.
ალბომის ანონსის ფონზე, BTS-მა ასევე დაადასტურა მასშტაბური მსოფლიო ტურნე. გასტროლები სტარტს 9 აპრილს სეულში აიღებს და მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, აზიასა და ევროპას. სულ დაგეგმილია 79 კონცერტი.




