ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკურ კავშირს, BRICS-ს 5 ქვეყანა შეემატა. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გასული წლის აგვისტოში BRICS-ის ლიდერებმა სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გამართეს სამიტი, რომელზეც გადაწყდა, რომ ორგანიზაციაში 6 ახალ ქვეყანას მიიღებდნენ. მეექვსე ქვეყანა, რომელიც მათ უერთდებოდა, არგენტინა იყო, თუმცა ახამა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ გასულ კვირაში BRICS-ში გაწევრიანებაზე უარი თქვა.
წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთი იქნება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი აპირებს, რომ BRICS-ის ქვეყნებთან გააძლიეროს თანამშრომლობა სამი მიმართულებით: პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და ფინანსებში, კულტურულ-ჰუმანიტარულ კონტაქტებში.
პუტინის თქმით, BRICS-ი იზიდავს უფრო მეტ მომხრესა და ერთ აზრზე მყოფ ქვეყნებს. როგორც მან აღნიშნა, წელს ორგანიზაციის დევიზი იქნება “მულტილატერალიზმის გაძლიერება სამართლიანი გლობალური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის” და იგეგმება 200-მდე ღონისძიების ჩატარება.
2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა შექმნეს ეკონომიკური ორგანიზაცია BRIC-ი, რომელსაც 2010 წელს, სამხრეთ აფრიკის გაწევრიანების შემდეგ სახელში S-იც დაემატა.