აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ BRICS “მკვდარია” მას შემდეგ, რაც ის ორგანიზაციას დოლარის ჩანაცვლების მუქარის გამო 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა. მისივე თქმით, ორგანიზაცია “ცუდი მიზნით” შეიქმნა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ილაპარაკა.
“BRICS ცუდი მიზნით შეიქმნა და ახლა ამ ადამიანთა უმეტესობას ამაზე ლაპარაკიც კი აღარ უნდა. ამაზე ლაპარაკის ეშინიათ, რადგან იმ დღეს, როცა ახსენეს, რომ ეს უნდოდათ, ვუთხარი, რომ თუ დოლართან თამაში უნდათ, 100%-იანი ტარიფებით დავარტყამ და ისინი დაბრუნდებიან და იტყვიან, გევედრებით. შემევედრებიან, რომ ეს არ გავაკეთო.
BRICS მკვდარია, მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი. BRICS იმ წუთას მოკვდა, როცა ეს ვახსენე. მახსოვს, როცა ობამა და, განსაკუთრებით ბაიდენი, მგონი მან თქვა ეს, [ამბობდნენ], რომ მათ [BRICS-ს] ლულა ჰქონდათ მოდებული. მათ არ აქვთ ჩვენთვის ლულა მოდებული, ჩვენ გვაქვს მათთვის ლულა მიდებული”. – თქვა ტრამპმა.
ტრამპი ამბობს, რომ ტარიფების დაწესებისა და ვაჭრობის შეწყვეტის პერსპექტივის გამო BRICS-ის წევრებს აღარც სურთ, აღიარონ, რომ ორგანიზაციის წევრები არიან.
“თუ BRICS-ს თამაში სურს, ეს ქვეყნები ჩვენთან არ ივაჭრებენ, ჩვენ არ ვივაჭრებთ მათთან და თუ რამე ვაჭრობა შედგება, 100%-იანი ტარიფები იქნება. […] როცა ამას გაიგებენ, თქვენი აზრით, რას იზამენ? ისინი იტყვიან, შეხედეთ, BRICS-ს რა მოუვიდა, […] არც კი უნდათ, აღიარონ, რომ BRICS-ის წევრები იყვნენ, ეს მოხდა”. – თქვა ტრამპმა.
30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
ვრცლად: tabula.ge
