Breus Art Center „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ნაცვლად – ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის პროექტის დეტალები

თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე „მიხაილოვის“ ყოფილ საავადმყოფოს ადგილას თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის Breus Art Center-ის მშენებლობას ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი, სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დაიწყებს.
ახალი არტ ცენტრის დაპროექტების საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი უკვე დასრულდა, რომლის სამი ეტაპის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულად ფრანგული კომპანია Wilmotte&Associes Architectes-ი გამოაცხადა, რომელმაც პროექტის ესკიზი, საკუთარ ვებ გვერდზე უკვე განათავსა.
რა ეტაპზეა Breus Art Center-ის პროექტი
არქიტეტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად, თბილისის არქიტექტურის სამსახურს გაცემული აქვს თანხმობა ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე შენობის დემონტაჟის შესახებ, რომელთა საერთო ფართი 3240 კვ.მ-ს მოიცავს.
საინვესტიციო პირობებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდეს და მშენებლობა 2028 წლამდე უნდა დასრულდეს.
„ხელშეკრულება გვაქვს მთავრობასთან, რომ უნდა დავამთავროთ საინვესტიციო პირობებიდან გამომდინარე 2028 წელს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო სწრაფად მოვითავებთ ყველაფერს.
მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფო შენობას ეს სივრცეები არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსი. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული იერსახე არ დავაზიანოთ, აღვადგინოთ ეს ყველაფერი, მერე მივუშენოთ რაღაც. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის“ – განაცხადა შალვა ბრეუსმა ტერიტორიის შეძენის შემდეგ.
დემონტაჟის ნებართვის პარალელურად, კომპანია Wilmotte&Associes Architectes-მა უკვე დაამუშავა სავარაუდო ესკიზი.
როგორ იყიდა რუსმა ბიზნესმენმა „მიხაილოვის“ საავადმყოფო
შალვა ბრეუსმა ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში შპს „ჰანსის“ საშუალებით შეიძინა. კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თვითონ არის, საჯარო რეესტრში 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. შპს „ჰანსის“ გარდა ბრეუსი საქართველოში კიდევ სამი კომპანიის მეწილეა – სამივე კომპანია 2021 წელს არის რეგისტრირებული და სამივეს დირექტორი ალექსანდრე ჩხიკვიშვილია.
საავადმყოფოს ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის გადაწყვეტილებამდე სახელმწიფომ არსებული სივრცე სხვა ინვესტორს გადასცა, რომელსაც 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა მან ის ვერ შეასრულა, ამიტომ ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა.
მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს შენობის და მიმდებარე მიწების გაყიდვა სახელმწიფომ ოთხჯერ სცადა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა. 2021 წელს ქონების ეროვნული სააგენტო ამ ლოტს 39,8 მილიონ ლარად აფასებდა, მაგრამ საბოლოოდ 2022 წლის მარტში შენობა ეკონომიკის სამინისტრომ შალვა ბრეუსის კომპანიას საწყის ფასზე თითქმის 24 მილიონი ლარით ნაკლებად, 16 მილიონ ლარად მიჰყიდა.
ბათუმში დაბადებული შალვა ბრეუსი საქართველოს და ს ორმაგი მოქალაქეა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, ბრეუსი 1998-1999 წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ ლებედის პირველი მოადგილე, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე იყო. 2003 წლიდან ბრეუსი ცელულოზის კომბინატ „ვოლგას“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი მისი მესაკუთრეც გახდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრეუსი წლების წინ ბიძინა ივანიშვილთანაც გადაიკვეთა, მაშინ როდესაც გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას სხვა ბიზნესმენებთან ერთად ივანიშვილიც აფინანსებდა.
2017 წელს snob.ru შალვა ბრეუსზე მომზადებულ ვრცელ სტატიაში წერდა, რომ მისი კოლექცია, რომელიც 700-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს და რომელსაც ათწლეულებია აგროვებს, სრულად არავის აქვს ნანახი.