BP (British Petroleum Company) ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ BMG-ის კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს. შესაბამისად, BP ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების ოპერატორი აღარ იქნება.
კომპანიაში აცხადებენ, BP-ის არსებული კონტრაქტების ფარგლებში, შესაბამის მხარეებთან მილსადენების სისტემის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოიცავს:
– ბაქო-სუფსის საქართველოში მდებარე მოწყობილობების დაბრუნებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის ან მის მიერ დასახელებული ოპერატორისთვის;
– ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მენეჯერისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე SCP-ის (სამხრეთ კავკასიური მილსადენი) ზოგადი ოპერატორის როლების გადაცემა SOCAR Midstream-ისთვის;
საქართველოზე გამავალი ორი ნავთობსადენის ოპერატორობიდან გასვლის მიუხედავად, BP ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერად რჩება. კომპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში 30.1%-ს, ხოლო სამხრეთ კავკასიის მილსადენში 29.99%-ს ფლობს.
“მილსადენების ოპერატორის როლის გადაცემის დასრულება ამჟამად 2026 წლის პირველი ნახევრის ბოლოს არის დაგეგმილი, შესაბამისი შეთანხმებების გათვალისწინებით. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ მოთხოვნებით, რომლებიც არსებულ კონტრაქტებში მილსადენების გამოყენებას და ოპერირებას არეგულირებს. ოპერატორის როლის გადაცემა არ ეხება სანგაჩალის ტერმინალს და BP ოპერატორის სტატუსს BTC და SCP პროექტებში”, – აცხადებენ კომპანიაში.
BP-ის მყარი პოზიცია აქვს რეგიონში როგორც ნავთობის და გაზის განვითარების ძირითადი პროექტების ოპერატორს, ასევე უმსხვილეს აქციონერს. BP ერთგულებით ეკიდება ამ პროექტებს და მტკიცედ სწამს მათი წარმატების.
“შესაბამისი მხარეებისთვის ოპერატორის როლების გადაცემისას, BP შეინარჩუნებს ACG (აზერი-ჩირაგ-გუნაშლი) და შაჰდენიზის საზღვაო ნაწილის და სანგაჩალის ტერმინალის ოპერატორის როლს და BTC და SCP პროექტებში ისევ აქციონერი იქნება. საქართველოში BP ოპერატორის როლის გადაცემის შემდგომ შეფასებას აწარმოებს და ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – უთხრეს BMG-ის კომპანიაში.
bm.ge




