Bosch 2027 წლის ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის შემუშავებასა და დანერგვაში 2.5 მილიარდ ევროზე მეტს ჩადებს

გერმანული საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია Robert Bosch 2027 წლის ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვაში 2.5 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.
Bosch-მა, რომელიც ავტომობილების ნაწილებთან ერთად საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც აწარმოებს, ლას-ვეგასში, CES-ზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მძღოლის დამხმარე ახალი სისტემები წარადგინა, რომლებიც ისეთ ფუნქციებს ითვალისწინებს, როგორიცაა ავტომატური პარკირება, ასევე სენსორების ახალი ხაზი გარემოსა და მოძრაობის ამოცნობის გასაუმჯობესებლად.
Bosch-ი ელის, რომ პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული, მომდევნო ათწლეულის დასაწყისისთვის 6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მისი პროგნოზით, 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის პროგრამული უზრუნველყოფის, სენსორული ტექნოლოგიების, მაღალი ხარისხის გამოთვლითი სისტემებისა და ქსელური კომპონენტების გაყიდვები 10 მილიარდ ევროზე მნიშვნელოვნად მეტს შეადგენს.