„Boeing-მა უნდა აღიაროს თავისი შეცდომა Alaska Airlines-ის თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ“- აღმასრულებელი დირექტორი

„Boeing Co-მ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა Alaska Airlines-ის თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ და პრობლემას „სრული გამჭვირვალობით“ მიუდგეს“, – განუცხადა თანამშრომლებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა.
კალჰუნმა თავის მიმართვაში არ დააკონკრეტა თუ რა იყო Boeing-ის შეცდომა. მისი თქმით, კომპანიას გამოძიებასთან თანამშრომლობის სრული მზაობა აქვს.
როგორც მან აღნიშნა, Boeing-ის ინჟინრები აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია Alaska Airlines-ის თვითმფრინავთან მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად.
NTSB-მ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იყო თუ არა ინციდენტი წარმოების დეფექტიდან გამოწვეული.
5 იანვარს Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX 9 ავარიულად დაეშვა პორტლენდის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჰაერში ფანჯარა დაკარგა დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავი Boeing-ისგან 2023 წლის ნოემბერში მიიღო.
ინციდენტის შემდეგ, -ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) გასცა ბრძანება Boeing 737 MAX 9-ის ფრენების დროებით შეჩერების შესახებ ქვეყნის საჰაერო სივრცეში და მათი ოპერირება ამერიკული ავიახაზების მიერ. FAA-ს გადაწყვეტილება 171 თვითმფრინავს შეეხო.
აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
9 იანვარს FAA-მ გამოაცხადა, რომ Boeing განიხილავდა თვითმფრინავების უსაფრთხოების სახელმძღვანელო მითითებებს; ფრენის შეჩერების ბრძანება ძალაში რჩება.