Boeing-ი თანამშრომელთა რაოდენობას 10%-ით შეამცირებს

Boeing-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია, თავისი მთლიანი მუშახელის რაოდენობას 10%-ით შეამცირებს – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის კელი ორტბერგის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კელი ორტბერგის ცნობით, მათი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და კომპანიის აღდგენა მოითხოვს მკაცრ გადაწყვეტილებებს.
“ჩვენ მოგვიწევს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა”, – თქვა მან.
კომპანიისთვის წარუმატებელი პერიოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც წლის დასაწყისში Boeing 737 MAX 9 “ალასკას ავიახაზების” რეისის შესრულებისას მწყობრიდან გამოვიდა და ფრენის დროს კარი მოწყდა.
შეგახსენებთ, რომ Boeing-ს დასავლეთ ლოკაციებზე მომუშავე 30 000-მდე თანამშრომელი პარასკევს, გაიფიცა და კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელის, 737 MAX-ის წარმოება შეაფერხა. ეს პირველი შემთხვევაა 16 წლის განმავლობაში, როდესაც კომპანიაში დასაქმებულებმა შეთავაზებული კონტრაქტი უარყვეს და სამუშაო ადგილები დატოვეს.