„Boeing-ის თვითმფრინავის კარი, რომელიც ფრენისას მოწყდა, ჭანჭიკებით დამაგრებული არ იყო“ – აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო

„Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX-ის თვითმფრინავის კარი, რომელიც იანვრის დასაწყისში ჩამოვარდა, სათანადოდ არ იყო დამაგრებული“, – ნათქვამია -ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) გამოძიების წინასწარ მოხსენებაში, რომელიც ცნობილი ინციდენტის გამოძიებას ეხება.
მარეგულირებლის ინფორმაციით, კარის დასაჭერად საჭირო 4 ჭანჭიკიდან 3 დამაგრებული არ იყო.
იმის შესახებ, რომ თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, Boeing-ის ქარხანა ამ ჭანჭიკების გარეშე დატოვა, The Wall Street Journal იანვრის ბოლოს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა.
თვითმფრინავის ფიუზელაჟი იქ 2023 წლის აგვისტოში ჩავიდა, რის შემდეგაც მასზე ხუთი დაზიანებული მოქლონი აღმოაჩინეს, რომელთა გამოცვლას კარის გაღება და ჯერ ჭანჭიკების ამოღება დასჭირდა, ნათქვამია NTSB-ის მოხსენებაში.
ფიუზელაჟის მიმწოდებლის Spirit AeroSystems Holdings-ის თანამშრომლებმა მოქლონები სექტემბერში შეცვალეს. ამავდროულად, დახურვის შემდეგ გადაღებული კარის ფოტოზე ჩანს მინიმუმ სამი ჭანჭიკის არარსებობა.
Alaska Airlines-ის თვითმფრინავმა ეს კარი დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე დაკარგა, რის შემდეგაც პორტლენდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინციდენტის დროს არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
ავიაკომპანიამ ეს თვითმფრინავი Boeing-ისგან 2023 წლის ნოემბერში მიიღო.
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აწარმოებს გამოძიებას MAX თვითმფრინავის წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. FAA-ს ადმინისტრატორმა მაიკლ უიტაკერმა სამშაბათს განაცხადა, რომ Boeing-ის კონტროლის სისტემა მარცხდება, რადგან ის უსაფრთხო თვითმფრინავებს ვერ აწარმოებს. დეპარტამენტი გამოძიებას დაახლოებით სამ კვირაში დაასრულებს.