Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს

Boeing Co-ს აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კალჰუნი თანამდებობას 2024 წლის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ.
კალჰუნმა კომპანიის მართვაზე პასუხისმგებლობა 2020 წლის დასაწყისში აიღო.
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კი ლარი კელნერი გადადგება მაისში, აქციონერთა ყოველწლიური კრების შემდეგ. ახალი თავმჯდომარე Qualcomm-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ მოლეკოფი იქნება.
იმავდროულად, სტენ დილი, Boeing-ის კომერციული თვითმფრინავების განყოფილების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, დაუყოვნებლივ დატოვებს კომპანიას. მის ადგილს სტეფანი პოპი დაიკავებს, რომელიც ახლახან კომპანიის მთავარ ოპერაციულ ოფიცრად დაინიშნა.
მენეჯმენტში ფართომასშტაბიანი ცვლილებები მოჰყვა ინციდენტების სერიას, რამაც ეჭვქვეშ დააყენა Boeing-ის თვითმფრინავების საიმედოობა და კორპორაციული მართვის ხარისხი, წერს CNBC.
Boeing-ის აქციები ორშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში 2,4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 27,6%-ით, $115,22 მილიარდ-მდე დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ