BMW-მ დაადასტურა ევროკავშირის სანქციების დარღვევა და რუსეთისთვის ავტომობილების არალეგალური გზით მიწოდება
ევროკავშირის სანქციების დამრღვევ კომპანიებს შორის BMW აღმოჩნდა. მანქანების მწარმოებელი ადასტურებს, რომ რუსეთს მანქანებს არალეგალური გზით ჩრდილოვანი იმპორტით აწვდიდა. სანქციების დარღვევის გამოვლენის შემდეგ BMW-ს ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს პასუხისმგებელი თანამშრომლები. Business Insider-ის ცნობით, BMW-ს განყოფილებამ ჰანოვერში რუსეთს სანქციების გვერდის ავლით 100-ზე მეტი მანქანა მიაწოდა.
გერმანულმა ავტომწარმოებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შიდა კონტროლის ღონისძიებების გატარების შედეგად, დარღვევები გამოავლინა, რომლებიც რუსეთში ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთში მანქანების შემდგომი გაყიდვები შეჩერებულია.
BMW ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიები განიცდიან იმ ფაქტს, რომ მათი პროდუქცია ხელმისაწვდომია რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავად იცავენ ანტირუსულ სანქციებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ როგორც წესი, ეს ე.წ ჩრდილოვანი იმპორტის გამო ხდება. BMW ჯგუფი ირწმუნება, რომ იღებენ ზომებს ამის თავიდან ასაცილებლად.
მანამდე გერმანულმა Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ BMW-ს ჰანოვერის განყოფილებამ სანქციების გვერდის ავლით რუსეთს 100-ზე მეტი ძვირად ღირებული ავტომობილი მიაწოდა. გამოცემამ ასევე აღინიშნა, რომ კომპანია შიდა გამოძიებას აწარმოებდა.
2022 წლის მარტის დასაწყისში გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ განაცხადა, რომ შეწყვეტდა მანქანების აწყობას კალინინგრადში და ასევე წყვეტდა მანქანების მიწოდებას რუსეთის ბაზრისთვის.