BlueTabla თბილისში მეორე ბრენდულ მაღაზიას, სავარაუდოდ, ივნისში გახსნის, – ამის შესახებ ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი ძველი თბილისის ტერიტორიაზე იქნება და აღნიშნულ პროექტში, დაახლოებით, 40 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
“ჩვენ ამჟამად, ჯამში 10 ობიექტი გვაქვს. მათ შორის, ბრენდული მაღაზიები და სტენდები როგორც თბილისში ასევე, რეგიონებში.
მიმდინარე წელს ახალ ფილიალს თბილისში დავამატებთ და გარდა ამისა, სამკაულების მიმართულებით ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ. კერძოდ, გვინდა, რომ მინანქრის ახალი ტიპის სამკაულები დავამატოთ”, – აცხადებს გიორგი შენგელია.
მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ კომპანია საექსპორტო მიმართულებით განვითარებას და მუშაობის აქტიურად მუშაობას გეგმავს.
გარდა ამისა, გიორგი შენგელია გაყიდვების ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს გაყიდვების დადებითი ტენდენცია ფიქსირდება და სადღესასწაულო დღეებში აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.
ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს.
კომპანია ფლობს 10 მაღაზიას, მათ შორის, 7 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
