აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს ტელეფონით ესაუბრა და შესთავაზა, უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე ერთად ემუშავათ, შემდეგ კი ურჩია, თუ როგორ უნდა განეხილა რუსეთის ლიდერს ეს საკითხი დონალდ ტრამპთან, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს.
„მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. გვექნება სამშვიდობო შეთანხმება. შესაძლოა, 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, ისევე როგორც ღაზაში გავაკეთეთ. ჩვენ შევადგინეთ 20-პუნქტიანი ტრამპის გეგმა, რომელიც მშვიდობისთვის 20 პუნქტს შეიცავდა და ვფიქრობ, რომ შესაძლოა, თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ“, – Bloomberg-ის ინფორმაციით, აცხადებს უიტკოფი უშაკოვთან სატელეფონო საუბარში.
გამოცემის თანახმად, ამ წინადადებაზე უშაკოვი პასუხობს: „კარგი, მეგობარო. ვფიქრობ, სწორედ ამ საკითხზე შეუძლიათ ჩვენს ლიდერებს იმსჯელონ“.
Bloomberg-ის ინფორმაციითვე, სატელეფონო საუბრისას უიტკოფმა უშაკოვს ურჩია, თუ როგორ უნდა განეხილა რუსეთის ლიდერს ეს საკითხი ტრამპთან.
„მომისმინეთ. უბრალოდ მინდა, რომ ეს პრეზიდენტ პუტინს უთხრათ, რადგან იცით, რომ პრეზიდენტ პუტინს უდიდეს პატივს ვცემ. იქნებ, მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს ძალიან მსგავსი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და, ჩვენი აზრით, ეს შეიძლება იყოს ისეთი რამ, რამაც შეიძლება ცოტათი შეცვალოს სიტუაცია, ჩვენ ღია ვართ ასეთი საკითხებისთვის – შევისწავლოთ, რა არის საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ახლა, მე თქვენთან საუბრისას, ვიცი, რა არის საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და შესაძლოა, მიწების გაცვლა სადმე. მაგრამ მე ვამბობ, რომ ასე საუბრის ნაცვლად, მოდით, უფრო იმედიანად ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ აქ შეთანხმებას მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ იური, პრეზიდენტი, მომცემს დიდ სივრცეს და დისკრეციას შეთანხმების მისაღწევად. ასე რომ, თუ ამის შემდეგ იურისთან საუბრის შესაძლებლობას შევქმნით, ვფიქრობ, ამან შეიძლება დიდ წარმატებამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნულია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერის შინაარსში.
ამ წინადადებაზე უშაკოვი პასუხობს: „კარგი, კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.“
ამის შემდეგ უიტკოფი უშაკოვს ახსენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჩადის და სთავაზობს წინადადებებს ვიზიტამდე ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბრის დაგეგმვის შესახებ.
„იმ შეხვედრაზე წავალ, რადგან მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ, მაგრამ ვფიქრობ, თუ შესაძლებელია, შეხვედრამდე თქვენს ხელმძღვანელს დავუკავშირდეთ“, – აცხადებს უიტკოფი, რაზეც უშაკოვი პასუხობს: „კარგი, კარგი. შენი რჩევა მივიღე. ასე რომ, ამას ხელმძღვანელთან განვიხილავ და შემდეგ ისევ დაგიბრუნდები“.




