ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ ორბანი კრემლში, 2025 წლის 28 ნოემბერი.Alexander Nemonov/Pool/AFP/Getty Imagesმედია Bloomberg-ი წერს, რომ წაიკითხეს უნგრეთის პრემიერმინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი, რომელშიც ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინს ზღაპრის ანალოგიით ეუბნებოდა, რომ “ლომის” დამხმარე “თაგვი” იქნებოდა.
“სატელეფონო საუბარი გასული წლის ოქტომბერში შედგა. როგორც Bloomberg-ი წერს, ორბანი პუტინს უკრაინის ომის მოგვარებასა და ბუდაპეშტში სამიტის გამართვას სთავაზობდა.
“გუშინ ჩვენი მეგობრობა იმდენად მაღალ დონეზე გადავიდა, შემიძლია ნებისმიერი სახით დაგეხმაროთ… ნებისმიერ საკითხში, რომელშიც დახმარება შემეძლება, თქვენს სამსახურში მიგულეთ.” – Bloomberg-ის ცნობით, უთხრა ორბანმა პუტინს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ორბანმა, საკუთარი სიტყვები განმარტა ზღაპრით, რომელიც, მისი თქმით, უნგრეთში პოპულარულია. საუბარია ეზოპეს იგავზე, რომელშიც თაგვი ხაფანგში გაბმულ ლომს გათავისუფლებაში ეხმარება მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მღრღნელი მცირე ხნით ადრე გადაარჩინა. მედიის ცნობით, ამ შედარებამ პუტინი გააცინა.
მედია წერს, რომ ორბანი და პუტინი ამ სატელეფონო საუბარში აქებდნენ ერთმანეთსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. სატელეფონო კავშირამდე ორივე მათგანი ესაუბრებოდა ტრამპს და განიხილავდნენ ბუდაპეშტში სამიტის ჩატარების შესაძლებლობას. ოქტომბრის ზარის მთავარი სასაუბრო თემა სწორედ აშშ-სა და რუსეთს შორის უნგრეთში შეხვედრის გამართვის დაგეგმვა იყო. მსგავსი ღონისძიება არ გამართულა. ტრანსკრიპტის მიხედვით, პუტინი ორბანს აძლევდა მითითებებს, რომელთა მეშვეობითაც ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის შეხვედრის გამართვას შეძლებდნენ. სამიტი არ გაიმართა, რადგან მოსკოვს უკრაინის მიმართ მაქსიმალისტური მოთხოვნები ჰქონდა.
ამავე ცნობით, ორბანი ამბობდა, რომ პუტინთან მეგობრობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ის 2009 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიწყო.
“რაც უფრო მეტ მეგობარს გავიჩენთ, ჩვენი მეტოქეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მეტი შესაძლებლობა გვექნება.” – უთხრა ორბანმა პუტინს Bloomberg-ის ცნობით.
ამავე ინფორმაციით, საუბარში ორბანმა მწუხარება გამოთქვა, რომ პუტინს ხშირად ვერ ხვდებოდა, განსაკუთრებით, წინა წლებში პანდემიის გამო. Bloomberg-ი წერს, რომ საუბარში პუტინი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან მიმართებით უნგრეთის “დამოუკიდებლობისა და მოქნილობისთვის” მადლიერებას გამოთქვამდა.
“ჩვენთვის გაუგებარია, რომ ასეთი ბალანსირებულ, შუალედურ პოზიციას მხოლოდ საწინააღმდეგო არგუმენტებით ხვდებიან.” – ტრანსკრიპტის მიხედვით, ეუბნებოდა პუტინი ორბანს.
Bloomberg-ი წერს, რომ საუბარში ორბანიც და პუტინიც ტრამპზე პოზიტიურად ლაპარაკობდნენ. უნგრეთის პრემიერი იწონებდა აშშ-ს პრეზიდენტის “ტორნადოს” სტილის ბიზნესმიდგომას.
“როგორც იტყვიან, ტანკივით მიიწევს წინ. ეს მისთვის მუშაობს და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ სიამოვნებას თუ იგრძნობ.” – ტრანსკრიპტის მიხედვით, თქვა პუტინმა ტრამპზე და შემდეგ შეაქო, რომ ის რამდენიმე კრიზისზე ერთდროულად მუშაობდა.
მედია წერს რომ ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი ორბანის მიერ პუტინის 73-ე იუბილის მილოცვით დაიწყო. ზარი მათ მიერ ერთმანეთისთვის ჯანმრთელობის სურვილებით დასრულდა.
“ვვარჯიშობ, თხილამურებით ვსრიალებ. ვიცი, შენ ფეხბურთს თამაშობ.” – უთხრა პუტინმა ორბანს ტრანსკრიპტის მიხედვით, რაზეც უნგრეთის პრემიერმა უპასუხა: “ვცდილობ”. ამის შემდეგ ორივე მათგანმა გაიცინა. ორბანმა პუტინს მადლობა უთხრა და რუსულად დაემშვიდობა.