Bloomberg-ი: რუსეთში ხელფასების ზრდა ახალ მობილიზაციას აახლოებს

ეკონომიკის სამოქალაქო სექტორში ხელფასების ზრდა და საკადრო შიმშილი რუსეთში ახალ მობილიზაციას აახლოებს, წერს Bloomberg-ი.
ინჟინრების, მექანიკოსების, მანქანების ოპერატორების, ელექტრიკოსების, შემდუღებლების, მძღოლებისა და კურიერების ხელფასები შარშან 8-20%-ით გაიზარდა, აღნიშნავს სააგენტო. სატვირთო მანქანების მძღოლების ხელფასი თვეში სამი ათას დოლარამდე შეიძლება იყოს, მანქანის ძარის რემონტის სპეციალისტებისა – თვეში ორი ათას დოლარამდე. ასეთ პირობებში ომის მონაწილის ფინანსური კომპენსაცია არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, აღნიშნავს Bloomberg-ი.
ამას ემატება საწარმოებს შორის კონკურენცია და კადრების უზარმაზარი დეფიციტი. „ასეთი საკადრო შიმშილი არასოდეს ყოფილა“, – უთხრა სააგენტოს წყარომ ნედლეულის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში.
Superjob-ის მონაცემებით, ს კომპანიების 85%-ს არ ჰყოფნის თანამშრომლები, 93%-მა უარი თქვა შემცირებებზე, ვაკანსიების რაოდენობა კი 2023 წელს 1,5-ჯერ გაიზარდა. გაიდარის ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თანამშრომელთა დეფიციტს განიცდის სამრეწველო საწარმოების 47% – ეს 1996 წლის შემდეგ აბსოლუტური მაქსიმუმია.
შრომის ბაზრის ნეგატიურ ფაქტორებს შორისაა კვალიფიცირებული სპეციალისტების გადინება 2022 წლის სექტემბრის მობილიზაციის ტალღაზე და დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების წასვლა ინფლაციისა და რუბლის დასუსტების გამო.
„კონტრაქტორების უზარმაზარი ხელფასებითა და ბონუსებით მიზიდვის რუსული სტრატეგია ხანმოკლე კონფლიქტზე იყო გათვლილი“, – ამბობს Bloomberg-ის ეკონომისტი რუსეთის საკითხებში ალექსანდრ ისაკოვი. „რაც უფრო უახლოვდება საბაზრო ხელფასები სამხედრო გადასახადებს, ხელისუფლება იძულებული გახდება არჩევანი გააკეთოს ომისთვის კიდევ უფრო დიდ ბიუჯეტურ დანახარჯებს, კონტრაქტორების ტალღის შემცირებასა და ახალ ნაწილობრივ მობილიზაციას შორის“, – მიაჩნია მას.
2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ში მიმდინარე ომში. ოფიციალური მონაცემებით, გაიწვიეს 300 ათასამდე ადამიანი. მობილიზაციის შესახებ ბრძანებულება დღემდე მოქმედებს.
2023 წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა, რომ არ არის მობილიზაციის მეორე ტალღის აუცილებლობა. მისი სიტყვებით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში 244 ათასი მობილიზებული იმყოფება. პუტინი ირწმუნება, რომ მოხალისეთა და კონტრაქტორების რაოდენობა, რომელთაც უკრაინაში შეჭრაში სურთ მონაწილეობა, არ მცირდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად დაასახელა არმიაში კონტრაქტით მყოფთა რაოდენობა – 640 ათასი ადამიანი.