აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეიძინოს მეტი ამერიკული ნავთობი და გაზი, თუ ბლოკს ტარიფების თავიდან აცილება სურს, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში განუცხადა.
„ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ სწრაფად გააკეთონ, არის ჩვენი ნავთობისა და გაზის ყიდვა. ამას ტარიფებით გავასწორებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა იყიდონ ჩვენი ნავთობი და გაზი“, – აღნიშნა ტრამპმა.
Bloomberg-ი წერს, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც ზოგიერთი აზიური ქვეყნის მთავრობა, განიხილავს მეტი ენერგიის შესყიდვას მსოფლიოში ნედლი ნავთობის უდიდესი მწარმოებლისა და თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიორისგან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ წელს გააჟღერა იდეა, რომ აშშ-დან იმპორტმა შეიძლება ბლოკის მიერ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მოხმარება ჩაანაცვლოს.
„მოკლევადიან პერსპექტივაში, აშშ-ს არ აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი გაზარდოს და რადგან თხევადი ბუნებრივი აირი გრძელვადიანი კონტრაქტებით იყიდება, ევროპაში ტვირთების დამატება მოითხოვს, რომ გაზის თავდაპირველი მყიდველები გადაზიდვების იქ გადამისამართებაზე დათანხდნენ, მაგრამ ეს არ გაზრდის აშშ-ის მიერ ექსპორტირებულ რაოდენობას. ამის ნაცვლად, ევროპელმა მყიდველებმა შეიძლება განიხილონ მიწოდების ჩაკეტვა აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებთან გრძელვადიანი შეთანხმებების საშუალებით, რომლის შექმნასაც წლები დასჭირდება“, – წერს Bloomberg-ი.
გამოცემა განმარტავს, რომ ტრამპი მიზნად ისახავს ამერიკის ენერგეტიკულ განვითარებას, ენერგეტიკასთან დაკავშირებით ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ნავთობისა და გაზის ოფშორული ლიზინგის აკრძალვის გაუქმებას, რამაც, ფაქტობრივად, დაბლოკა ბურღვა აშშ-ის სანაპირო წყლებში. მან ასევე გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვა თხევადი ბუნებრივი აირის ახალი საექსპორტო ქარხნების დამტკიცებაზე.
„ჩვენ ვაპირებთ ბევრი ფულის გამომუშავებას ენერგიით. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ვინმე სხვას“, – აღნიშნა ტრამპმა.