დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას რამდენიმე კვირის წინ გადასცა კიდევ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
რაკეტების ეს პარტია პირველია, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა პრემიერ-მინისტრად ლეიბორისტი კირ სტარმერის არჩევის შემდეგ.
Bloomberg-ის რესპონდენტებმა რაკეტების რაოდენობა და გაგზავნის ზუსტი დრო არ დაასახელეს.
სააგენტოს თანახმად, ლონდონმა კიევს რაკეტების ახალი პარტია გადასცა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმად უკრაინას მისცეს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება.
21 ნოემბერს, რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თუმცა საჰაერო თავდაცვამ ეს შეტევები მოიგერია.
პუტინის თქმით, ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში (დნეპრი) საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას. პუტინის მტკიცებით, არ არსებობს საშუალება, რომელიც „ორეშნიკს“ წინააღმდეგობას გაუწევს.
სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს იარაღი გამოიყენოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავიანთი იარაღის რუსული ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვას იძლევიან.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow პირველად 2023 წლის გაზაფხულზე გადასცა. მაშინ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატორი რიში სუნაკი იყო.