საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია “BEKO საქართველოს” გენერალური დირექტორი, მეჰმეთ მელექი, „კომერსანტის დილასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფასდაკლებებით იმდენ მომხმარებელს არ უსარგებლია, რა მოლოდინიც კომპანიას ჰქონდა. მელექის განმარტებით, ამის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობაა. მომხმარებლები ტექნიკის შესაძენად სიტუაციის დამშვიდებას ელოდებიან.
„მომხმარებლების დიდი ნაწილი პოლიტიკური დაძაბულობის დროს ელოდება, რომ მდგომარეობა დამშვიდდეს და შემდეგ შეიძინოს ნივთი. „შავი პარასკევის“ აქციები ჩვენთან უკვე დაიწყო, თუმცა მომხმარებლები იმდენი არ არის, რამდენიც უნდა იყოს. ჩვენს ბიზნესში ,,შავი პარასკევი“ და წინასაახალწლო პერიოდი გაყიდვების მხრივ ყველაზე კარგია. ამ პერიოდში სხვა დღეებთან შედარებით 3-ჯერ მეტი მუშაობა გვაქვს. საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში „შავი პარასკევის“ ფასდაკლებაზე პროდუქციის რეალიზაცია საგრძნობლად გაზრდილია, კომპანიებიც შესაბამის ზომებს იღებენ და წინასწარ გათვლებს აკეთებენ. ყველაზე კარგი გაყიდვები 28,29 და 30 ნოემბერს არის.
„ბეკოს“ მაღაზიებში ბოლო ორი წელია 50%-იანი ფასდაკლება გვაქვს, რითაც ჩვენი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ისეთი პოლიტიკა, რომ ჯერ ფასი გავზარდოთ და შემდეგ შევამციროთ, რაღაც ფასდაკლების მანიპულაციისთვის“,- თქვა მეჰმეთ მელექმა.
“BEKO საქართველოს” გენერალური დირექტორი ქსელის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს და იმედოვნებს, რომ ფასები კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროდუქციაზე მომავალ წელსაც არ შეიცვლება.
„BEKO“-მ ბოლო თვეში უკვე 2 მაღაზია გახსნა, თუ სტაბილური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, 2025 წელსაც ვაპირებთ ახალი მაღაზიების გახსნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
2024 წლის განმავლობაში ფასები არ შეგვიცვლია, რადგან ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო; თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალ წელს გავზრდით. ლარის კურსი ფასების ცვლილებაზე პირდაპირაა დამოკიდებული“,- აღნიშნა მელექმა.