BioNTech-მა აფრიკაში ვაქცინების პირველი ქარხანა გახსნა. საწარმო რუანდის დედაქალაქ კიგალში გაიხსნა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
ქარხანაში დაიწყება mRNA – ვაქცინების წარმოება აფრიკის ქვეყნებისთვის.ქარხნის გახსნაში მონაწილეობა მიიღო რუანდის პრეზიდენტმა პოლ კაგამემ.
თავის გამოსვლაში კომპანიის თანადამფუძნებელმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ სურთ აფრიკაში mRNA-ვაქცინების მდგრადი ეკოსისტემის აშენება. რუანდის პრეზიდენტის თქმით კი, აფრიკაში ვაქცინების წარმოება უმოკლეს ვადებში შეიქმნა მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამისთვის 30 წელიწადს ვარაუდობდნენ.
ქარხანა სრული სიმძლავრით 2025 წლიდან ამოქმედდება და ყოველწლიურად 50 მილიონ დოზა ვაქცინას გამოუშვებს. აფრიკის განვითარების ბანკის მონაცემებით, კონტინენტის ქვეყნები ყოველწლიურად ვაქცინებისა და მედიკამენტების საჭირო რაოდენობის 70%-ის იმპორტს ახორციელებენ და ვაქცინების მხოლოდ 1%-ს აწარმოებენ.
ახალი წარმოება კი, რომელსაც საფუძველი 2022 წლის ივნისში ჩაეყარა, ხელს შეუწყობს აფრიკული ქვეყნების ვაქცინებზე ხელმისაწვდომობას.COVID-19-ვაქცინების გარდა, კომპანია აპირებს ახალი ვაქცინების წარმოებას მალარიისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ, რომელთა გამოცდაც ადამიანებზე ჩატარდება.
BioNTech-მა რუანდაში ვაქცინების საწარმოს მშენებლობაზე 150 მილიონი დოლარი გამოყო.
bp.ge
