BILD-ის ცნობით, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების „რთული რაუნდი“ გაიმართა.
გამოცემის ინფორმაციით, მაგიდაზე დევს ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მკვეთრად მიკერძოებულ დოკუმენტად მიიჩნევს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, ნატო-ში წევრობაზე უარის თქმიდან დაწყებული ქვეყანაში არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარებით დამთავრებული, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ზელენსკი წასვლას არ აპირებს.
„ძირითადი დავა ტერიტორიულ საკითხს ეხება. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები აღიარებულია რუსეთის ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზები გაყინულია“, – წერს გამოცემა.
BILD-ის ცნობით, უკრაინა მზადაა დროებით „გაყინოს“ ფრონტი და დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის შესახებ მოთხოვნას.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, უკრაინა დონეცკის ოლქში დაახლოებით 5 600 კვადრატული კილომეტრიდან უნდა გავიდეს და ეს ტერიტორია „დემილიტარიზებულ ეკონომიკურ ზონად“ გადაიქცეს. მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ იდეას იმ პირობით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის ეროვნული გვარდია შევიდოდა.
„ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება“, – განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც ზელენსკიმ გააჟღერა.
„თუ უკრაინული ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, 5-10 კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილით ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ – განაცხადა ზელენსკიმ.




