გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ დაეთანხმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასევე, როგორც ჩანს, არ აპირებს ქვეყანას მძიმე ტექნიკა გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BILD-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპის ქვეყნებში ვიზიტების დროს ზელენსკიმ ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან : დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთში სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ, რისთვისაც ზელენსკი მოითხოვს შორ მანძილზე მოქმედია იარაღის მიწოდებას, როგორიცაა Storm Shadow გაერთიანებული სამეფოდან, Scalp EG-ი საფრანგეთიდან და Taurus-ი გერმანიიდან და ასევე ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებული პროცესი (რუსეთთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით).
BILD-ის ცნობით, ამ მოთხოვნებს ბერლინში ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. ოლაფ შოლცს მკაფიო “არა” არ განუცხადებია, მაგრამ არც დადებითი პასუხი გაუცია.
ამასთან, BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს არ სჯერა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შეძლებს შეტევის დაწყებას თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. გამოცემა ასევე წერს, რომ ბუნდესვერი უკრაინას მძინე ტექნიკას აღარ გადასცემს. დოკუმენტში, რომელიც BILD-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი, აღნიშნულია, რომ გადაცემა დასრულებულია.
„ამრიგად, Leopard 2-ის 18 ტანკის გაგზავნის შემდეგ, შემდგომი მიწოდება აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესვერს მარაგში დაახლოებით 300 ასეთი ტანკი აქვს. იგივე ეხება სხვა ტიპის აღჭურვილობას – ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვა“, – წერს BILD-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის სიტუაცია გაუარესდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააუქმა შეხვედრა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას გერმანიაში, რამშტაინში უნდა ჩატარებულიყო. ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი ქარიშხალი „მილტონია“, რომელიც პარასკევს ფლორიდის სანაპიროს დაატყდა თავს. თუმცა, BILD-ის წყაროს თქმით, ეს მხოლოდ საბაბია და ბაიდენს, სავარაუდოდ, არ სურს შეერთებული შტატების 5 ნოემბრის არჩევნებამდე მეტი კომენტარი გააკეთოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე.
წყარო: ინტერპრესნიუსი