BGEO ჯგუფმა სახელის ცვლილებაზე განაცხადა. ჯგუფის სახელი ამიერიდან Lion Finance Group-ი იქნება.
ჯგუფის განცხადებით, სახელის შეცვლა სტრატეგიულ პოზიციონირებას უკავშირდება და ის Lion Finance Group-ი საქმიანობის საერთაშორისო მასშტაბირებას ასახავს.
ჯგუფში შემავალი ბანკების – საქართველოს ბანკისა და ამერიაბანკის სახელები უცვლელი რჩება.
Lion Finance Group (წარსულში BGEO), FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოსა და სომხეთის საბანკო სექტორში ორი უნივერსალური ბანკით (საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი) არიან წარმოდგენილი. ამასთან, ჯგუფი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელიც 2006 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით განათავსა.
„ცვლილება ეხება ჯგუფის დასახელებას, მისი წარმომავლობის ხაზგასასმელად და საერთაშორისო მასშტაბით წარმოსაჩენად კი უცვლელი რჩება საფონდო ბირჟის კოდი, ე.წ. „ტიკერი“ (BGEO), ასევე ლოგო და მასზე კვლავ გამოსახულია „ალაზნის ველის ლომი“, როგორც ქვეყნის ისტორიისა და ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილების სიმბოლო. ასევე, უცვლელი რჩება ჯგუფის მმართველობა და აქციონერთა შემადგენლობაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ Lion Finance Group-ის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.
ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ Lion Finance Group-ის ვებგვერდს www.lionfinancegroup.uk