Bentley-მ ლოგო განაახლა!

ბრენდის საკულტო Winged B ლოგო ახლა უკვე რბილი, სწორი სილუეტით იქნება წარმოდგენილი. ეს ამბავი კი ბოლო 20-წლიან ისტორიაში პირველ რედიზაინს აღნიშნავს და მიგვანიშნებს, რომ ბენტლისაც თვალი ელექტრო მომავლისკენ გაურბის. ამ უკანასკნელს კონცეპტუალური მანქანის წარდგენაც ამყარებს, რომელზეც დეტალებს უკვე მომდევნო კვირებში გაამხელენ.
აღსანიშნავია, რომ Bentley-ის 106-წლიანი ისტორიის განმავლობაში ლოგო სულ 5-ჯერ შეიცვალა, თუმცა ამ შემთხვევაში დრო და განზრახვა მეტად მნიშვნელოვანს ხდის ამ ამბავს. უახლესი რედიზაინი წინა ლოგოს ბუს მსგავს კონტურებს შევარდენით შთაგონებულ ფრთებზე ცვლის, მეტად კუთხოვანს ხდის და ასე სიჩქარესა და სიზუსტეზე გვესაუბრება. ჩათვალეთ, რომ ფრთების ქვედა ფენები მოჭრილია და მკაფიო ხაზებია გავლებული.
ლოგოს ცენტრში არსებული ლეგენდარული B შენარჩუნებულია, თუმცა ცოტათი ხელი ამასაც შეავლეს, კუთხეები დაუმუშავეს და მინისებრი საფარი გადააკრეს. ეს უკანასკნელი კი მაღალ კლასზე მიუთითებს.
„თავდაპირველი Winged B დიზაინი გორდონ ქროსბის მიერ 1919 წელს შეიქმნა, რაც შემდგომ 1931, 1990 და 2002 წლებში შეიცვალა. 2025 წლის რედიზაინი საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილებაა მყისიერად ამოსაცნობი ნიშნისთვის. ამაზე ბენტლის დიზაინერთა გუნდმა იმუშავა რობინ პეიჯის ხელმძღვანელობით, შედეგად კი ახალი Winged B Bentley ბრენდისა და მისი დნმ-ის შემდეგი თავის პირველი ნაბიჯია. თავდაჯერებით, მზრუნველობითა და შემოქმედებითობით შექმნილი ახალი ემბლემა ბენტლის ამაღელვებელი მომავლის სიმბოლოა“.
რაც შეეხება კონცეპტუალურ მანქანას, დეტალები 8 ივლისს გვეცოდინება და ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომელზეც განახლებულ ლოგოს დაიტანენ. როგორც მანქანის, ისე ემბლემის შემთხვევაში ელიან, რომ ახალი დიზაინის ენას წარადგენს, რომელიც შთაგონებულია იმით, რასაც ავტომწარმოებელი უწოდებს „საკულტო ბენტლს წარსულიდან“.
განსხვავებით იმ ავტომწარმოებლებისგან, რომლებმაც ელექტრო მომავლის ხედვა სრულად მინიმალისტური ლოგოებით ასახეს, მათ შორის Jaguar-ისგან, Bentley-მ სკულპტურული, სამგანზომილებიანი ესთეტიკის შენარჩუნება აირჩია — ხელოსნობასა და ტაქტილურ ფუფუნებაზე გააკეთა აქცენტი მიუხედავად იმისა, რომ ბენტლიც ელექტრო მომავლისკენ იხედება.
marketer.ge