BBC, რომელსაც საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების მთავრობა სამართლებრივი დავის წამოწყებით ემუქრება, მათ პასუხობს.
ფორმულასთან BBC-ის სპიკერი ამბობს, რომ იცავენ ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას უხდიან მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს.
ასევე, კვლავ აღნიშნავს, რომ გამოძიება მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებებს და ამბობს, რომ რეპორტაჟი “მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს”.
“ჩვენი დოკუმენტური ფილმი, “როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის”, რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC EYE-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს”.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებს” შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული “მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების” გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.




