საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამის შესახებ ვრცელს სტატიას BBC აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, წყლის ჭავლის მანქანებში ჩასხმული ნარევი არა ჩვეულებრივი CS გაზი, არამედ განსაკუთრებულად ძლიერი და მდგრადი ქიმიკატი „კამიტე“ იყო – ნივთიერება, რომელიც საფრანგეთმა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში გამოიყენა და მოგვიანებით მისი ხანგრძლივი ზემოქმედების გამო ამოიღეს მოხმარებიდან.
სტატიაში მოყვანილია დემონსტრანტების მონაყოლიც, რომ წყლის ჭავლი „კანს წვავდა“, სიმპტომები კი – ხველა, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, კვირეობით არ გადიოდა. ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა 350 დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ ნახევარზე მეტს 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა ჯანმრთელობის პრობლემები, ზოგიერთ მათგანს კი გულის ელექტრულ სიგნალებში სერიოზული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-ს მტკიცებით, რამდენიმე ყოფილი პოლიციელი და სპეციალური დანაყოფის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ წყლის ჭავლის მანქანებში მართლაც გამოიყენებოდა უკიდურესად ძლიერი ქიმიური ნაერთი, რომელიც „ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი“ იყო და დაბანის შემდეგაც არ ქრებოდა.
გამოცემა წერს, რომ გაეროს წამების საკითხებში სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ ასეთი ნივთიერების გამოყენება „სერიოზულ ეჭვს აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევაზე“ და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.
საქართველოს ხელისუფლება BBC-ს გამოძიებას „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიციამ „კანონის ფარგლებში“ იმოქმედა.




